“უგულავა, მერაბიშვილი, ახალაია პოლიტიკური მოტივით არიან დაპატიმრებული,” – გიორგი ტუღუში

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტებმა მიხეილ სააკაშვილის, გიორგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას, თენგიზ გუნავას და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები შეისწავლეს.

ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენდა ამ საქმეების წარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევების და პრობლემების იდენტიფიცირება.

დემოკრატიული ინიციატივის დასკვნით, ხშირ შემთხვევაში გამოძიებას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – მიაღწიოს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას, რაც ორგანიზაციას უჩენს ეჭვს პოლიტიკური მოტივაციის შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების გიორგი ტუღუშისა და გიორგი მშვენიერაძის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებზე განცხადებების კეთებას, თავის მხრივ, სახელისუფლებო გუნდი არ იღებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გიორგი ტუღუშს საჯაროდ უსვამს კითხვას, რომელიც მის სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდს უკავშირდება.

„როდესაც ის იყო სახალხო დამცველი, არასდროს აღიარებდა, რომ საქართველოში იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და იყო პოლიტიკური დევნა. 7 ნოემბერი არ მომხდარა ქვეყანაში? არც 26 მაისი? არც ტელეკომპანია იმედის დარბევა? არც ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდება? არც მასობრივად ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა? დღეს მისი მხრიდან ამაზე საუბარი უხერხულია,” – აცხადებს ეკა ბესელია.

banner
წინა სტატიაშიძალოვანთა უფლებებს ახალი დეპარტამენტი დაიცავს
შემდეგი სტატიაგახარია ფადი ასლის მოუწოდებს, ბიზნესის “რეკეტისა” და “შევიწროვების” კონკრეტული ფაქტების მიაწოდოს