“ქართული ოცნების” წარმომადგენლები აჭარაში ვადამდელი არჩევნების მიზანშეწონილობაზე საუბრობენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ვადამდელი არჩევნების მიზანშეწონილობაზე საუბრობენ. ეს საკითხი კოალიციის პოლიტსაბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს ალექსანდრე ჩიტიშვილმა განუცხადა, უმაღლესი საბჭოს ვადამდელი არჩევნები არის უკიდურესი გამოსავალი შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, მაგრამ თუკი სხვა გზა არ იქნება, არც ამაზე დაიხევენ უკან.
ვადამდელი არჩევნების ჩატარებას აუცილებლად მიიჩნევს უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წარმომადგენელი დავით ბაციკაძე. “ჩვენ ჩამოვედით, რათა იმ რევანშზე ვისაუბრობთ, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” აჭარაში მოაწყო. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ჩატარდეს უმაღლესი საბჭოს ვადამდელი არჩევნები, რადგან რევანშისტებმა მოახერხეს ის, რომ მათ უმრავლესობა მოიპოვეს. უმაღლესი საბჭოს დღევანდელი მდგომარეობა იმას არ ასახავს, რასაც არჩევნებზე ხალხმა მისცა ხმა”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაციკაძემ.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ფრაქციიდან უნდა გაირიცხონ ის ადამიანები, ვინც მისი და ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენების საკითხს მხარი დაუჭირეს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წარმომადგენელი ანზორ თხილაიშვილი კი განმარტავს, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში კრიზისი არასწორმა საკადრო გადაწყვეტილებებმა გამოიწვია, როცა საბჭო არამდგრადი პოლიტიკური ფიგურებით დაკომპლექტდა. თხილაიშვილის აზრით, შექმნილი მდგომარეობა ტრაგედია არ არის და არსებობს გამოსავლის რამდენიმე გზა. ერთ-ერთ ვარიანტად მანაც ვადამდელი არჩევნები დაასახელა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები შექმნილ ვითარებაზე საუბრისას ხაზს უსვამენ პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის გავლენას აჭარის უმაღლეს საბჭოზე და ამბობენ, რომ დუმბაძემ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად განახორციელა ის, რაც უმაღლეს საბჭოში მოხდა.

banner
წინა სტატიაშიერთიანობის მარშის დროს აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაიაპონიაში ატომური სადგურიდან ზღვაში რადიაციული წყლის ჩადინება დაფიქსირდა