ფრაქციამ “ქართული ოცნება” მთის კანონი მესტიის მოსახლეობას გააცნო

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დღეს მესტიას ეწვივნენ და ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტის მიერ მიღებული მთის კანონი გააცნეს.
ღონისძიება ორგანიზებულია ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. მესტიას ფრაქციიდან სტუმრობენ: გია ვოლსკი, ირაკლი ტრიპოლსკი, გია ჟორჟოლიანი, დიმიტრი ხუნდაძე, კარლო კოპალიანი, მირიან წიკლაური და დარეჯან ჩხეტიანი.
როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, ფრაქცია აგრძელებს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით მაღალმთიან რეგიონებში გასვლას და მთის კანონის გაცნობას.
“დღეს ვიმყოფებით მესტიაში სადაც მოსახლეობასთან ვსაუბრობთ ყველა მნიშვნელოვან თემაზე. აქ იმყოფება ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური, რომელიც საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით დეტალურად ესაუბრა ხალხს. მთის კანონში საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხებია შესული და ამას მოსახლეობა პოზიტიურად ხვდება”, -განაცხადა ვოლსკიმ.
მესტიის მაჟრიტარმა დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ კი აღნიშნა, რომ სვანეთი და მესტია ათეული წლებია ამ კანონს ელის.
“ეს არის მთის გადარჩენის ერთადერთი გზა. მნიშვნელოვანია ის რომ კანონი სრულად ამოქმედდება 2016 წელს. ხალხი დიდი სიხარული ხვდება ამ კანონს და სჯერათ რომ ყველაფერი სწორად განხორციელდება”, -განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ქვეყნის განვითარების საფუძველი და საყრდენია ძლიერი მთა, აღნიშნული კანონი სწორედ ამის წინაპირობაა.
“სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული კუთხით შეღავათები უფრო მიმზიდველს გახდის მთაში ცხოვრებას და საწინდარი იქნება ჩვენი მოსახლეობის უკუმიგრაციისა”, -განაცხადა ჟორჟოლიანმა.

banner
წინა სტატიაშიპარიზში პოლიციამ “ტურ დე ფრანსის” ფინიშთან მანქანა ჩაცხრილა
შემდეგი სტატიასოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტი ამუშავდა