სპორტული ფედერაციებისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივ შეხვედრას საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლები არ ესწრებიან

სპორტული ფედერაციებისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთობლივ შეხვედრას სპორტის საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლები არ ესწრებიან. როგორც სასტუმრო “რედისონში” შეხვედრაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ განაცხადა, ფედერაციის წარმომადგენლებმა წერილი სპორტის ახალგაზრდობის კომიტეტს გაუგზავნეს, რომ მათი წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრას დასწრებოდნენ და ესაუბრათ იმის შესახებ, რაზეც ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა.

“როდესაც ასე მძიმე ბრალდებები ისმის, როდესაც ასეთი დასკვნები კეთდება, ჩვენ ეს პირდაპირ გვეხება. ჩვენ, სპორტის მესვეურებს გვჭირდება სტაბილურობა და მშვიდობა იმისთვის, რომ ვიმუშაოთ. მსგავსი პროცესები გვანგრევს. ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს, ჩვენი ურთიერთობები გვაქვს სპორტის სამინისტროსთან. რაღაცეები არის შეთანხმებული, არის გრძელვადიანი გეგმები. უცებ ისეთი სურათი დაიხატა, რომ თურმე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებასთან გვქონია საქმე. იდეა ამ შეხვედრის იყო ის, რომ მოსულიყო სპორტის მინისტრი თანამშრომლებთან ერთად, რომელსაც თვითონ შეარჩევდა და ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წევრები. დაესვათ შეკითხვები სპორტის სამინისტროსთვის. ჩვენ მოვისმენდით ამ ბრალდებებს და დარწმუნებული ვარ, სამინისტროს თავისი პასუხები ექნებოდა, ჩვენ კი ჩვენ სათქმელს ვიტყოდით და ერთ საერთო პოზიციაზე ჩამოვყალიბდებოდით. ჩვენ გავიგეთ, რომ სპორტის კომიტეტში რაღაც დაძაბულობა იყო. ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მივსულიყავით. გვგონია, რომ პარლამენტი არის ხალხის არჩეული ორგანო და სწორედ ამიტომ მივედით კომიტეტში, სადაც კარებთან გამოგვიცხადეს, რომ შეშვება არ შეიძლებოდა, რადგან ფორმატი ამას არ ითვალისწინებდა. არ ვიცი პროცედურები როგორია, მაგრამ ჩვენ არავისთან საჩხუბრად არ მივდიოდით. ჩვენ გვინდოდა ჭეშმარიტების დადგენა”, – განაცხადა გია ნიჟარაძემ.

მისივე განმარტებით, ფედერაციის წარმომადგენლებისგან ოფიციალური მიწვევა გაეგზავნა სპორტის სამინისტროს, ასევე სპორტის კომიტეტს, თუმცა ისინი დღევანდელ შეხვედრაზე არ მოვიდნენ.

“ეს არ არის სწორი ფორმატი ურთიერთობის. ასე ფედერაციასთან ურთიერთობა არ შეიძლება”, – განაცხადა გია ნიჟარაძემ.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტური საერთო საცხოვრებლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
შემდეგი სტატიაასლან კობახია: „ქართველებს უნდა ვხვრეტდეთ როგორც უკანასკნელ ძაღლებს“