“სიტუაცია რთულია, თუმცა ჩვენი ინტერესების დასაცავად უნდა ვიმუშაოთ”

გაეროში ერთი დელაგაცია გაემგზავრება და ასამბლეაზე სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა

საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ რთულია და უახლოეს მომავალში არც შეიცვლება, თუმცა ამ მხრივ საქართველომ მუშაობა უნდა განაგრძოს.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის მოლაპარაკებებს ოთხთვიანი პაუზა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმებიდან გამომდინარე ჰქონდა.

“პაუზა იყო სწორედ იმის გამო, რომ რუსეთმა გადადგა ეს ნაბიჯი, მაგრამ სიტუაცია არ შეიცვალა და არც შეიცვლება. სიტუაცია იქნება რთული, შეიძლება კიდევ უფრო რთული, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები, ვიმუშაოთ ჩვენი ინტერესის დასაცავად, თუნდაც ამ რთულ გარემოში”,-განაცხადა ბერუჩაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც დღეს გაიმართება, საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს დადებული ხელშეკრულება იქნება.

ხელშეკრულება, რომელიც 2011 წელს გაფორმდა რუსეთსა და საქართველოს შორის, არის საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ. ამ ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით შერჩეულია შვეიცარული კომპანია „ეს-ჯე-ესი“, რომელმაც ტვირთების გადაზიდვაზე მონიტორინგი უნდა დააწესოს საქართველოსა და რუსეთს შორის.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიშის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში გაიმართება.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი 2012 წლიდან მიმდინარეობს, სადაც მოლაპარაკების ძირითად თემას რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაში„კიევში „ნაციონალების“ დანიშვნამ შეიძლება არამხოლოდ მათთვის, გარესამყაროსთვისაც პრობლემები შექმნას“
შემდეგი სტატია“ნავთობპროდუქტების სექტორი ბიუჯეტში ყველაზე მსხვილი გადამხდელია”