სერგო თეთრაძის მეუღლემ თავდაცვის მინისტრს იმ პირთა სია გადასცა, რომლებიც მისი თქმით მეუღლის წამებაში მონაწილეობდნენ

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლემ ნანა თეთრაძემ და ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელს იმ პირთა სია გადასცეს, რომლებიც, მათი თქმით, პოლკოვნიკ თეთრაძის წამებაში მონაწილეობდნენ.
სერგო თეთრაძის მეუღლე და ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე თინათინ ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში შეხვდნენ და პოლკოვნიკ თეთრაძის გარდაცვალების საქმის მასალაზე ესაუბრნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნანა თეთრაძემ აღნიშნა, თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა ძალიან კონსტრუქციული იყო, რომელზეც მინისტრს პოლკოვნიკ თეთრაძის გარდაცვალების საქმის მასალაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

„ვთხოვეთ, რომ ყველა ის თანამშრომელი, რომელიც დღეს თავდაცვის სამინისტროში ან სამხედრო პოლიციაში მუშაობას განაგრძობენ და მათი ვინაობა რამენაირად ჩემი მეუღლის წამებასთან არის დაკავშირებული, ამ საქმეში გაერკვეს და ეს ადამიანები დროებით კადრების განყოფილებაში იყვნენ გადაყვანილი“, – განაცხადა ნანა თეთრაძემ.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საუბარია თავდაცვის უწყებაში დასაქმებულ რამდენიმე ადამიანზე, რომლებიც თეთრაძის მეუღლისა და ადვოკატის მიერ მიწოდებულ სიაში ფიგურირებენ. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული სიიდან მნიშვნელოვანი ნაწილი უწყებაში აღარ მუშაობს.

„მათ შორის, ჩემი მინისტრობის პერიოდში წავიდა რამდენიმე მათგანი. მსგავსი შეხვედრები დღეს არ დამიწყია. გასულ კვირას გარკვეული ინფორმაცია უკვე მივიღე. ამ სამინისტროში არცერთი ადამიანი არ დარჩება, ვისი აქ მუშაობაც შესაძლოა თავდაცვის სამინისტროს პრესტიჟს ზიანს აყენებდეს“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მისივე თქმით, თავდაცვის უწყებაში იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც წამებაში არიან ეჭვმიტანილნი, არ არის.

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლემ, ნანა თეთრაძემ გასულ კვირას განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც მისი ქმრის წამებაში მონაწილეობდნენ, თავდაცვის სამინისტროში ახლაც თანამდებობებზე რჩებიან.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ყველა იმ პირს შეხვდეს, რომლებიც თავდაცვის უწყების თანამშრომლების მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულებების შესახებ უტყუარ მტკიცებულებებს ფლობენ.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: მე ასე არ ვუყურებ, რომ იქ ყველა ბედნიერია
შემდეგი სტატიაპედარასტები და დემო-ტრაკი-ა!!!