თინა ხიდაშელი: მე ასე არ ვუყურებ, რომ იქ ყველა ბედნიერია

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთთან ერთობლივი სამხედრო ძალების შექმნა არ სჭირდება, რადგან აღნიშნული ტერიტორია „დიდი რუსული სამხედრო ბაზაა“.
ამის შესახებ ხიდაშელმა სააგენტო „როიტერის“ მიერ გამოქვეყნებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას მიეძღვნა.
როგორც ხიდაშელმა განმარტა, „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოს“ რუსეთთან ერთობლივი სამხედრო ძალები არ სჭირდება, რადგან მათ საკმარისი რუსული ძალები უკვე ჰყავთ.

მისი თქმით, სამხრეთ ოსეთი აღარ არსებობს ისეთი, როგორიც ის ოდესმე ყოფილა.

„ეს არის ერთი დიდი რუსული სამხედრო ბაზა, რომელსაც ყველა სხვა დანარჩენი ემსახურება, ვინც იქ ცხოვრობს. შესაძლოა ვიღაც კმაყოფილია იმით, რომ ხელფასი აქვს, რადგან ემსახურება რუსულ სამხედრო ბაზას, მაგრამ სინამდვილეში მოსახლეობა კმაყოფილია თუ არა იმ მდგომარეობით, რომელშიც იმყოფებიან, ეს ყველაზე კარგად დავინახეთ მაშინ, როდესაც სამხრეთ ოსეთში ძალიან სერიოზული გამოსვლები დაიწყო“, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
მისივე თქმით, სამოქალაქო წინააღმდეგობა იმ ე.წ. ხელშეკრულებას მოყვა, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა.

„მე ასე არ ვუყურებ, რომ იქ ყველა ბედნიერია. ის ხალხი, რომელიც დღეს რუსეთის სამხედრო ბაზაზე მუშაობს, აქვს ხელფასი და შესაბამისად, გადარჩენის შესაძლებლობა, ალბათ ამბობს, რომ კმაყოფილია, მაგრამ ეს სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის განწყობა არ არის“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

სააგენტო „როიტერის“ სიუჟეტის თანახმად, ადგილობრივი მოსახლეობა თავს დაცულად გრძნობს, როდესაც საზღვრებს რუსული სამხედრო ძალები აკონტროლებენ. აღნიშნულ სიუჟეტში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთთან ერთობლივი სამხედრო ძალების შექმნას აპირებენ.

banner
წინა სტატიაშიმეცნიერები: ერთიდაიმავე ასაკის ადამიანები სხვადასხვა სისწრაფით ბერდებიან
შემდეგი სტატიასერგო თეთრაძის მეუღლემ თავდაცვის მინისტრს იმ პირთა სია გადასცა, რომლებიც მისი თქმით მეუღლის წამებაში მონაწილეობდნენ