„საქართველო არის ქვეყანა, სადაც მოსახლეობის რიცხვის მიხედვით ყველაზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ”

EBRD-ის პრეზიდენტის სერ სუმა ჩაკრაბატის განცხადებით, საქართველოში 180 პროექტში 2.6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.

ამის შესახებ EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, გავნიხილეთ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც თბილისში იმართება და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველო ძალიან კარგი მიზეზების მიხედვით ავირჩიეთ, რადგან საქართველო ჩვენთვის თანამშრომლობის სანიმუშო ქვეყანას წარმოადგენს. ფაქტობრივად, ეს არის ქვეყანა, სადაც ჩვენ მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით ყველაზე მეტი ინვესტიცია მოვახდინეთ, სხვა იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც EBRD მოღვაწეობს. ჩვენ 180 პროექტში 2.6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განვახორციელეთ და წინ კიდევ დიდი გეგმები გვაქვს“, – განაცხადა ჩაკრაბატიმ.

ამასთან, როგორც EBRD-ის პრეზიდენტი აცხადებს, ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც საქართველოში იმართება ქვეყნისთვის რეალური შესაძლებლობაა, რომ საკუთარი ქვეყანა უცხოელ ინვესტორებს წარუდგინოს. ჩაკრაბატის განცხადებით EBRD ამ საქმეში ყოველთვის საქართველოს გვერდით იქნება.

„ეს შეხვედრა რეალური შესაძლებლობაა საქართველოსთვის საკუთარი ქვეყანა მრავალ უცხოელ ინვესტორს წარუდგინოს. ეს სწორედ ისაა, რისი მიღწევაც ამ ყოველწლიური შეხვედრით გვსურს, რომ უზრუნველვყოთ ძლიერი, კერძო ინვესტიციების მომავალი დინება ამ ქვეყანაში, ხელი შევუწყოთ ეკონომიკას, სამუშაო ადგილების შექმნას, საექსპერტო მიდგომებს. საქართველო ამას იმსახურებს და EBRD ამ საქმეში ქვეყნის გვერდით ყოველთვის იქნება. მინდა ასევე, აღვნიშნო, რომ ჩვენ საქართველოს გზას ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა ჩაკრაბატიმ.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანში ექსტრემისტებმა 43 პილიგრიმი მოკლეს
შემდეგი სტატიაქართული მხარე ელოდება, რომ რიგის სამიტზე საქართველოს ძალისხმევა დადებითად შეფასდება