საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის განკარგულება გამოსცა

გიორგი მარგველაშვილი კიევში

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს, 18:00 საათზე გაიმართება.
“საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 16 ივნისის 18 საათიდან, თანდართული დღის წესრიგით”, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
პარლამენტმა რიგგარეშე სხდომის დღეს გამართვის თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.
შესაბამის დღის წესრიგზე დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. ისინი რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებებს, რომლებიც სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს სხვადასახვა ქვედანაყოფების ჩართვას ეხება.
“კანონი ითვალისწინებს ისე როგორც სხვა შემთხვევებში, საკომიტეტო მომსმენას ამ საკითხზე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მზად არის იმისთვის, რომ საკითხი განიხილოს, თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და აგრეთვე, მე თქვენი თანხმობით უნდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, რომ დღეს 18:00 საათზე მოწვეული იქნას პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ამ ერთი საკითხით. სხდომა ჩატარდება ქუთაისში. აქაც მინდა განვმარტო, კონსტიტუცია ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის დროს სხდომის გამართვას სხვა ადგილზე, გარდა პარლამენტის კონსტიტუციური ადგილსამყოფელისა, მაგრამ ჩვენ სამართლებრივად, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში არ ვიმყოფებდით. საგანგებო მდგომარეობა არ არის გამოცხადებული, რომელსაც თავისი რეჟიმი აქვს, მათ შორის, პარლამენტისთვის”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ვინც არ უნდა იყოს, უნდა მიეცეს პასუხისგებაში” – სტიქიის გამომწვევი მიზეზებით შესაძლოა პროკურატურა დაინტერესდეს
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე: სტიქიის შედეგად დაღუპული 15-ვე მოქალაქე იდენტიფიცირებულია