საქართველოს პრეზიდენტმა დაჭრილი პოლიციელები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 10-11 აგვისტოს დაჭრილი პოლიციელები მოინახულა.

მარგველაშვილის თქმით, თუ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ქვეყანას და მის მოქალაქეებს, პატივი უნდა ვცეთ პოლიციასაც.

„დღეს მოვინახულე დაჭრილი პოლიციელები. სამწუხაროდ, ეს ორივე ფაქტი ბოლო პერიოდში მოხდა. მინდა, ყველას მივმართო ერთი ემოციის გასაზიარებლად – თუ, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ქვეყანას და მის მოქალაქეებს, პატივი უნდა ვცეთ პოლიციასაც. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენს სიმშვიდეს და საზოგადოების ცხოვრების წესს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პატივი ვცეთ პოლიციას და პოლიციელებს, ისევე დავიცვათ მათი სიცოცხლე, როგორც ისინი იცავენ ჩვენსას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ურთიერთობის გარეშე ვერ შედგება სამართლებრივი სახელმწიფო. ძალიან მძიმეა, როდესაც დღეს ვხედავ დაჭრილ პოლიციელებს, რომლებიც ჩვენ გვიცავდნენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღეს უმძიმესი დაზიანებები“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ლეიტენანტ ელიზბარ პატარკაციშვილის და პოლიციის მაიორ მალხაზ ქავთარაძის ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა მამაცი შვილების გაზრდისათვის და პოლიციელებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

banner
წინა სტატიაში,,ჩემი და კობას მოძრაობა მიმართული იყო იმისაკენ, რომ ის ჩირქი, რაც შეიძლებოდა მოცხობოდა ზურას, გაგვექარწყლებინა”
შემდეგი სტატიაკომერციულმა ბანკებმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები დეპოზიტების დოლარიზაციის შემდგომი ზრდის შესაჩერებლად