საქართველოს პრეზიდენტი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ბრატისლავაში სამუშაო ვიზიტის დასასრულს მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ მილო ძუკანოვიჩს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო თანადგომა და სამძიმარი გამოუცხადა.
შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა და ორმხრივი, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების პერსპექტივა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-მონტენეგროს შორის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-სა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაცია იყო. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ნატო-ს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში ჩვენი ქვეყნის კონტრიბუციის მნიშვნელობა.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნატო-ს უელსის სამიტის არსებითი პაკეტის რეალიზება არამხოლოდ მის ტექნიკურ განხორციელებაზე გაამახვილებს ყურადღებას, არამედ ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება უახლოეს მომავალში მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობას და დაინტერესებულია იმ გამოცდილებით, რომელიც მონტენეგრომ როგორც ნატო-ს ასპირატმა და ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მოიპოვა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებს. გიორგი მარგველაშვილმა მილო ძუკანოვიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის.

banner
წინა სტატიაში“ევროპისა და საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება,”- მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაექსკლუზივი- რა გეგმა აქვს გურჯაანის სასამართლოს თავმჯდომარეს „თეთრი სიკვდილის“ წინააღმდეგ!