საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა, დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე უმრავლესობის ლიდერად ოფიციალურად დასახელდა.

პროცედურების მიხედვით, დარჩენილია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, სადაც გადაწყდება, გახდება თუ არა ზვიად კვაჭანტირაძე უმრავლესობის ლიდერი.

„პოლიტსაბჭომ განიხილა კანდიდატურა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფრაქციის წინაშე კანდიდატურა წარადგინონ დასამტკიცებლად. შემდეგ შედგა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის სხდომა, რომელმაც ერთსულოვნად დამიჭირა მხარი, რომ წარდგენილი ვიყო უმრავლესობის ლიდერის პოზიციის დასაკავებლად. დარჩენილია საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა და პირველივე შეხვედრაზე საკითხი საბოლოოდ გადაწყდება“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი გია ვოლსკი კი აცხადებს, რომ ზვიად კვაჭანტირაძე შეძლებს საერთაშორისო საკითხებზე მუშაობას დიპლომატიურ წარმომადგენლებთან.

„ვფიქრობ, მოისაკლისებდა ჩვენი უმრავლესობა საერთაშორისო ურთიერთობებს, საერთაშორისო საკითხებზე მსჯელობებს, მათ შორის ადგილობრივ დიპლომატიურ წარმომადგენლებთან. სწორედ ეს მიმართულება იქნება ერთ-ერთი მთავარი უმრავლესობის ლიდერისთვის, რომელსაც აქვს საკმაო გამოცდილება. თქვენ იცით, რომ მას აქვს ელჩის რანგი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: საქმის მიმდინარეობაში სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს
შემდეგი სტატია“ის რაც კადრებში ხდება, კაცობრიობის წინაშე არსებული დანაშაულია”