სამების ტაძარში დიდი ხუთშაბათის სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა

მორწმუნე ადამიანი არ გაღიზიანდება და მკვლელობას არ ჩაიდენს, არც შეურაცხყოფას მიაყენებს

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა.
მსახურების ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა.
პატრიარქმა დიდი ხუთშაბათის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ წმინდა სახარების მიხედვით უფალმა მოციქულებს ფეხები დაბანა და აზიარა, რითაც მათ სიმდაბლე უჩვენა.
“ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლს. დღეს აი, მაცხოვარი ჩვენ გვიჩვენებს ამ თავმდაბლობას”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
მისივე თქმით, ეს დღე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, 53 წლის წინ სიონში დიაკონად აკურთხეს. პატრიარქის თქმით, იმდენად ბედნიერი იყო, რომ არ სურდა, ლოცვა დასრულებულიყო და სახლში წასულიყო. უწმინდესის თქმით, როცა ყველაფერს მორჩნენ და საკურთხეველი დაალაგეს, მივიდა წმინდა ნინოს ჯვართან. პატრიარქის თქმით, მისი კუკულ-ბარტყუმი გაედო კანდელს და მთელი ზეთი თავზე გადაესხა. პატრიარქის თქმით, იქ მყოფებმა მაშინ თქვეს, რომ ეს იყო ღვთის მადლის ნიშანი.
უწმინდესმა ითხოვა ღვთისაგან, მოგვანიჭოს მადლი, თავმდაბლობა, მორჩილება და ისეთი ცხოვრება, რომელიც სათნო იქნება ღვთისათვის.
პატრიარქის თქმით, დღესვე სამებაში 19.00 საათზე 12-გზის სახარების კითხვა დაიწყება. ქადაგებისას უწმინდესმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს მსახურების დროს მოიხსენეს ისინი, რომლებიც 9 აპრილს დაეცნენ.
“აქედან ჩვენ გავალთ იმ საშინელ ადგილზე და დავანთებთ სანთლებს. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ გავუძლოთ იმ სიძნელეებს, რომელიც არის ადამიანის წინაშე”, – ბრძანა პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშიმინდია ჯანელიძე – ვინც ქართველ სამხედროებსა და პოლიციელებზე ხელს აღმართავს, დაუსჯელი ვერ დარჩება
შემდეგი სტატიაილია მეორემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო