რა სიახლეებია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე?

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების ჩამონათვალს სამოქალაქო განათლება დაემატა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა , მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უმაღლესი სასწავლებელი თავად წყვეტს, რომელი იქნება მეოთხე სავალდებულო გამოცდა, რომ აბიტურიენტი კონკრეტულ ფაკულტეტზე და მიმართულებაზე ჩაირიცხოს.
მისივე ინფორმაციით, 1 227 საკონკურსო ადგილზე უმაღლესმა სასწავლებლებმა სამოქალაქო განათლება სავალდებულო საგნად გამოაცხადეს, რაც, მიმინოშვილის შეფასებით, ძალიან კარგია. მისივე განმარტებით, უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებობა აქვთ, კონკრეტულ ფაკულტეტსა, თუ პროგრამაზე აბიტურიენტის ჩასარიცხად არა ერთი, არამედ რამდენიმე საგამოცდო საგანი გამოაცხადონ. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას აბიტურიენტი იღებს.
დღეისათვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას აბარებენ – ქართული ენა და ლიტერატურა, უნარები და უცხო ენა, ხოლო არჩევითი საგნების რაოდენობა აქამდე რვას შეადგენდა. არჩევითი საგნების ჩამონათვალი ასეთი იყო: ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ხელოვნება. წელს კი, არჩევით საგნებს მეცხრე – სამოქალაქო განათლება დაემატა.
კიდევ ერთი სიახლე უკავშირდება გეოგრაფიის გამოცდას, კერძოდ, ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო, 3 საათის ნაცვლად, 2.5 საათი იქნება. ტესტის მაქსიმალური ქულა კი, 70-ის ნაცვლად, 60 ქულა. ამასთან ისტორიის ტესტი 80-ის ნაცვლად 70-ქულიანი იქნება, არ შეიცვლება გამოცდის ხანგრძლივობა.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია ხვალ 10:00 საათიდან დაიწყება. მაია მიმინოშვილის განცხადებით, პროცესში მონაწილეობს 64 აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი, გამოცხადებულია 44 635 საკონკურსო ადგილი, თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ადგილი შეივსება.

banner
წინა სტატიაშივაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატს საქმის მასალები გადაეცა
შემდეგი სტატიანანა კაკაბაძე: დნმ-ის შეცდომა არის გამორიცხული