პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

PROKURTAURA GANCXADEBAS AVRCELEBS

პროკურატურა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების პირადი თავდებობით გათავისუფლების თაობაზე არ ეთანხმება.
როგორც პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ბრალდების მხარე მიიღებს დასაბუთებულ განჩინებას აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს თუ არა პირადი თავდებობით გათავისუფლებას.
პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით კვლავ არსებობს საფრთხეები ბრალდებულების პირად ქცევებთან დაკავშირებით, რის გამოც ბრალდების მხარე არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
“სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა იმ კუთხით, რომ დღესაც არსებობს ის რისკი და საფუძვლები, რომ ბრალდებულებმა შესაძლებელია ჩაიდინონ დანაშაული, მოწმეებზე მოახდინონ ზეგავლენა, ან არ გამოცხადდნენ სასამართლოში, თუმცა სასამართლომ ჩათვალა, რომ პირადი თავდებობა უზრუნველყოფს ბრალდებულების პირად ქცევაზე კონტროლს, რასაც პროკურატურა არ ეთანხმება, რადგან მიგვაჩნია, რომ 10 ათასი ლარიანი გირაო, რომლის შუამდგომლობითაც მივმართეთ სასამართლოს, უზრუნველყოფდა სწორედ აღნიშნული რისკების არსებობას. ვინაიდან ჩადენილია მძიმე დანაშაული და ისეთი დანაშაული, რა დროსაც ბრალდებულებს 4 მილიონზე მეტი ქონების გაფლანგვა ედებათ ბრალად”, – განაცხადა პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები გირაოს გარეშე, დეპუტატების ნინო გოგუაძის, ირაკლი ჩიქოვანის, ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის, შალვა შავგულიძის პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურა კი, აღკევთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა.

banner
წინა სტატიაშილავროვი ევროპას ,,სარკისებრ,, პასუხს პირდება
შემდეგი სტატიასაზღვარზე 30 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის შემოტანის შემთხვევებზე კონტროლი მკაცრდება