პრემიერი განათლების საერთაშორისო ცენტრის კონფერენციას დაესწრო

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ნემცოვის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს

ჩემთვის რომ ეკითხათ, რომელია ყველაზე წარმატებული საქმე, რომელიც გამიკეთებია, ვიტყოდი, რომ ეს არის განათლების საერთაშორისო ცენტრი, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის ყოველწლიური კონფერენციის მონაწილეებს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კარგად ესმის სტუდენტების საჭიროებები და თუ ხელისუფლებას მომავალზე ზრუნვა სურს, აქცენტი ახალგაზრდობაზე უნდა გააკეთოს. “განათლებული მომავალი თაობის გარეშე ვერავითარ წინსვლაზე ვერ ვიფიქრებთ. დღევანდელ მსოფლიოში წარმოუდგენელია კონკურენცია, თუ არ გვვეყოლება განათლებული თაობა. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა. ყოველთვის განვიცდიდი, რომ ჩვენი რესურსები იყო გაფანტული და არ ხდებოდა მათი ეფექტიანი გამოყენება. წლების განმავლობაში არსებობდა მსგავსი პროგრამები, მაგრამ მათ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ ჩადებული ინვესტიციების ეფექტიანობაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ახალგაზრდები მიდიოდნენ სასწავლებლად და შემდეგ აღარ ბრუნდებოდნენ”, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ასეთი რესურსების დაკარგვის ფუფუნება არ აქვს.
მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ წარმატებებს აღწევენ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ისინი ქვეყანას სჭირდებიან.
ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი სტუდენტობის წლები გაიხსენა, როდესაც აშშ-ში სწავლის გაგრძელება, თანადაფინანსების საჭიროების გამო ვერ შეძლო და მოგვიანებით სორბონას უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც სწავლა უფასო იყო. ღარიბაშვილის თქმით, სორბონაში მის კურსზე სწავლობდნენ სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებსაც სახელმწიფო ან დიასპორის შენატანებით არსებული ფონდი აფინანსებდა.
“პირველი გულდაწყვეტა მაშინ მივიღე, რომ სახელმწიფო არ ზრუნავდა საკუთარ მოქალაქეებზე. ერთ-ერთი, რამაც ამ პროგრამის შექმნა გადამაწყვეტინა, იყო ის, რომ საკუთარ თავზე გამოვცადე, რამდენად მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ზრუნავდეს საკუთარ ახალგაზრდებზე. სახელმწიფომ უნდა ჩადოს ინვესტიცია მომავალ თაობაში, რადგან თქვენ ჩვენ გვეკუთვნით – სახელმწიფოს”, – მიმართა პრემიერმა სტუდენტებს და აღნიშნა, რომ შეზღუდული რესურსების პირობებში წარმატებილი პროექტის შექმნა მოხერხდა.
პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო შეეცდება, პროგრსმის დაფინანსება გაზარდოს, რადგან მომავალ თაობაში ჩადებული ფული ასმაგად დაუბრუნდება. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ქართველები გამორჩეულად ნიჭიერები არიან და წარმატებები აქვთ ნებისმიერ სფეროში.
მთავრობის მეთაურმა პროექტში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელს, ნინო ჭელიძეს და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ნინო კობახიძეს, ასევე, ცენტრის საკონკურსო კომისიის წევრებს, რომლებიც ობიექტურობით გამოირჩევიან.
“შესაძლოა, დღეს ვხვდები პარლამენტის მომავალ წევრებს, მომავალ პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს და მინდა, გისურვოთ წარმატებები. პრემიერ-მინისტრი ყოველთვის არ ვიქნები, მაგრამ ყოველთვის სიამაყით აღვნიშნავ, რომ წვლილი შევიტანე განათლების საერთაშორისო ცენტრის დაარსებაში”, – აღნიშნა პრემიერმა. მისივე განცხადებით, მათ, ვინც უკვე დაბრუნდა, სექტემბრიდან ექნებათ შესაბამისი სამსახურები და ეს გარანტირებულია სახელმწიფოს მხრიდან. პრემიერმა სტუდენტებს ასევე საჩუქრად გადასცა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დასასწრები ბილეთები. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს არასოდეს გაუკეთებია იმდენი სპორტისთვის – განახლდა 12 ობიექტი, გაკეთდა 6 ახალი სპორტული ობიექტი. ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ, ოლიმპიურ სოფელში 8 კორპუსი დევნილებს გადაეცემათ, კიდევ 7-8 კორპუსის შეძენაზე კი მოლაპარაკებები გრძელდება.
“მიხარია, რომ ამ ყველაფრის კეთების საშუალება გვეძლევა. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი გამოწვევაა – ეკონომიკა, უმუშევრობა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბეშია და აამის დაძლევას მარტო მთავრობა ვერ შეძლებს. ამას სჭირდება კერძო სექტორის განვითარება და განათლებული თაობა. თქვენს გარეშე ამის მიღწევა შეუძლებელია”, – მიმართა პრემიერმა სტუდენტებს.
შეხვედრა ახალგაზრდებთან ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის დასასრულს მთავრობის მეთაური ცენტრის სტიპენდიანტების მიერ გამართულ კონცერტსაც დაესწრო, რომელზეც სტუდენტებმა კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს. განათლების საერთაშორისო ცენტრის კონფერენციაში მონაწილეობდნენ, როგორც კურსდამთავრებულები, ასევე მიმდინარე გრანტის მფლობელი და 2015-16 სასწავლო წლის კონკურსის გამარჯვებული სტუდენტები.

banner
წინა სტატიაშისომეხთა სასულიერო ლიდერი ტერ-სეტრაკი აფხაზეთის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – განათლებაში ინვესტირებული თანხა სახელმწიფოს ასმაგად დაუბრუნდება