„პატრიარქის, ყოფილი, ახლანდელი პრემიერის ყველა ბრუნვაში მოხსენიება ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ“

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურის განცხადებით, მას არ სურს, რომ „რესპუბლიკელებთან“ მისი დაპირისპირება იმ დონემდე განვითარდეს, რომ ქვეყნის საერთო ინტერესი დაზიანდეს.

მეჭიაურის თქმით, „რესპუბლიკელებს“ სხვაზე გაცილებით მაღლა მდგომად მიაჩნიათ თავი და ჰგონიათ, რომ ნებისმიერის ლანძღვის უფლება აქვთ.

„ეს ერთი ნაწილია – ძმები ბერძენიშვილები, ქალბატონი თინა ხიდაშელი, ზურაბიშვილი. ძალიან დიდი ამბიციებია და თავი ჰგონიათ გაცილებით მაღლა მდგომი სხვებზე და მათ აქვთ უფლება, ნებისმიერი ლანძღონ აკრიტიკონ მაშინ, როცა თავისი გუნდის წევრებისგან, პატრიარქის კრიტიკა, ყოფილი პრემიერის, ახლანდელი პრემიერის ყველა ბრუნვაში მოხსენიება ჩვეულებრივ მოვლენად და დემოკრატიის მწვერვალად მიაჩნიათ. ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ თურმე ჩემს გამოსვლებზე ადრე იცინოდნენ, ხოლო ახლა, სასაცილოც აღარ ყოფილა. თუ მე საქილიკო ვიყავი მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, ვერც მოვიფიქრებ ჩემს მეგობრებად, ვერც ჩემ თანამებრძოლებად. როგორც ბატონი ზურაბიშვილი აღნიშნავს, მართლაც ბედის უკუღმართობამ მოგვახვედრა ერთად, ერთ გემზე და, ალბათ, რაც უფრო ლამაზად გავიყვანთ ამ გემს, ისე რომ არ ჩავძიროთ, ეს ყველაზე უკეთესი იქნება. რადგან მე პასუხისმგებლობით ვუყურებ მიმდინარე რეფორმებს, არ მინდა ეს დაპირისპირება იმ დონემდე განვითარდეს, რომ ქვეყნის საერთო ინტერესი დაზიანდეს. რომ იმადლებიან სოროსის ფონდმა 80 მილიონი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროგრამებშიო, თუ თუთბერიძეებისა და მისნაირების გამოყვანაში დახარჯა ფული, ამას მე რას მამადლიან. 20-30-ჯერ მეტი დახარჯა ბიძინა ივანიშვილმა და მის ლანძღვას კარგად იტანენ, ერთი ზედმეტი არავის უთქვამს“, – განაცხადა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატია“პოლიტიკური სპექტრი აუცილებლად უნდა გაიწმინდოს”