“მოსკოვმა ერთდროულად უნდა გადაიხადოს ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი”

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში უსაფრთხოების თემაზე გამართულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

თავდაცვის მინისტრმა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რაც უკრაინაში ხდება ევროპის სუსტი რეაქციის შედეგია.

„ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება არის ევროპის სუსტი რეაქციის შედეგი, რომელიც მას საქართველოში რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიაზე ჰქონდა. 7 წლის შემდეგ, რუსული აგრესია და დესტრუქციული ნაბიჯები ისევ გრძელდება. მცოცავი აგრესია საქართველოში სახეზე გვაქვს… ის, რაც უკრაინაში ხდება, არ არის უბრალოდ კონფლიქტი. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ – ეს არის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია „თავდაცვის სწავლების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ ორგანიზებული კონფერენცია ფართო სადისკუსიო ფორმატია ესტონეთში, რომელიც სემინარებისა და კონფერენციების გზით საგარეო პოლიტიკის საკითხებისა და გლობალური გეოპოლიტიკური პროცესების ანალიზს უწყობს ხელს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს კონფერენცია ადგილია, საიდანაც ეფექტურად და ზუსტად შეიძლება გზავნილების მიწოდება საერთაშორისო საექსპერტო საზოგადოებისა და ევროპელი ლიდერებისთვის, რომლებიც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ეფექტიანობაზე აგებენ პასუხს.

„რუსული საინფორმაციო-პროპაგანდისტული მანქანის მიზანია, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გადატანა საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებიდან – მცოცავი ოკუპაცია საქართველოში და სამხედრო აგრესია უკრაინაში. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს მშვიდად ყოფნის დრო… ამ ფორუმიდან კიდევ ერთხელ მოვუწოდე საერთაშორისო თანამეგობრობას, იყოს ადეკვატური არსებული პოლიტიკური რეალობის მიმართ და იმოქმედოს პროაქტიულად. მნიშვნელოვანია, მოსკოვმა ერთდროულად გადაიხადოს ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი საქართველოში, უკრაინაში და ყველგან, სადაც, ის იყო უბედურებისა და ტრაგედიის მიზეზი“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

როგორც „თავდაცვის სწავლების საერთაშორისო ცენტრის“ დირექტორმა ხიდაშელის სიტყვით გამოსვილის შემდეგ განაცხადა, მინისტრის გზავნილი მნიშვნელოვანი იყო.

„სესია ძალიან საინტერესო იყო. მინისტრმა ღიად ისაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ნატოში გაწევრიანებაზე, რუსეთზე… საუბარი შეეხო ურთიერობებს უკრაინასთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ასევე პრობლემებისა და გამოწვევების ფართო სპექტრს. მნიშვნელოვანი იყო მინისტრის გზავნილი. იგი საქართველოს აქტიურად ლობირებს, სტუმრობს ნატოს წევრ ქვეყნებს და ხვდება ლიდერებს, რათა ვარშავის სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ“, – განაცხადა „თავდაცვის სწავლების საერთაშორისო ცენტრის“ დირექტორმა იური ლუიკმა.

თავის მხრივ თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ამოცანაა, საქართველო ევროპის უსაფრთხოების იმ ერთიან არქიტექტურაში ჩაეწეროს, რომელშიც დღეს მსოფლიოს წამყვანი ძალები მსჯელობენ.

„კონფერენციაზე საუბარი შეეხებოდა საფრთხეებს, რომელიც დღევანდელ ევროპას ემუქრება, მოლოდინებს ვარშავის სამიტიდან, გზას, რომელიც უნდა გაიაროს არა მხოლოდ საქართველომ, არამედ ევროპულმა ქვეყნებმა უსაფრთხოების უფრო მეტი გარანტიების შესაქმნელად. პრობლემები უზარმაზარია. ჩვენი ამოცანაა, საქართველო ევროპის უსაფრთხოების იმ ერთიან არქიტექტურაში ჩაეწეროს, რომელშიც დღეს მსოფლიოს წამყვანი ძალები მსჯელობენ. ასეთი ტიპის დისკუსიები შესაძლებლობას იძლევა, რომ შენი მოსაზრებები, ხედვები, დამოკიდებულებები, საფრთხეები, რომელსაც გრძნობ, უფრო დიდ აუდიტორიას გააცნო, რადგან შემდეგ ეს ხალხი სხვა აუდიტორიებთან იმავე არგუმენტებით ისაუბრებენ. ამიტომ, ვფიქრობ, არცერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა ამგვარი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვას, რომ შემდეგ მათი გავლენა სხვა აუდიტორიებთან სასაუბროდ გამოიყენოს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

კონფერენციის დასრულების შემდეგ თინა ხიდაშელმა ესტონეთის და ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. უცხოელი ჟურნალისტები ძირითადად რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობით და ჩვენი ქვეყნის ბალტიისპირეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებით დაინტერესდნენ.

banner
წინა სტატიაშიApple ნებას გრთავთ თანამოსაუბრეს შუა თითი აჩვენოთ
შემდეგი სტატიაკუბა რომის პაპის ვიზიტის გამო ოთხიათასამდე პატიმარს გაანთავისუფლებს