„მიკვირს, რომ პარლამენტში იარაღის შესახებ კანონის გამკაცრების პროექტი დღემდე ჰაერშია გამოკიდებული”

ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია უნდა გადაიხედოს.

თეა წულუკიანმა 4 აპრილს თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ „არც ერთი პოლიციელის, არც ერთი ძალოვანის, საზოგადოების არც ერთი წევრის გულში მისი ხსოვნა დავიწყებული არ იქნება“.
„გუშინ, რომ ეს ტრაგედია მოხდა, გამიკვირდა, რომ დღემდე პარლამენტში ასე ჰაერშია გამოკიდებული იარაღის შესახებ კანონის გამკაცრების კანონპროექტი, რომელიც პრემიერის დავალებით, მე რამდენიმე თვის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პარლამენტში წარვადგინე. ამიტომ ალბათ, დროა, რომ იარაღთან დაკავშირებით ის წესები გამკაცრდეს, რისი შეთავაზებაც ჩვენ გავაკეთათ და რა თქმა უნდა, დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიას უნდა გადავხედოთ, ოღონდ ისე, რომ ადამიანის უფლებები არ დაგვავიწყდეს, რათა საქართველო ნულოვანი ტოლერანტობის კულტურას არ დაუბრუნდეს“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, კანონების გამკაცრებით დანაშაულთან ბრძოლა შესაძლებელია, თუმცა  დანაშაულთან ბრძოლისთვის ეს არ კმარა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.
მომხდარზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.
banner
წინა სტატიაშიბესიკ ხარძიანის სავარაუდო მკვლელის ვინაობა ცნობილია
შემდეგი სტატიაუკრაიინაში რადას დეპუტატებმა ტრიბუნის ბლოკირება დაიწყეს