მამულიჩა: მოსაბოდიშებელი არავისთან არაფერი მაქვს

პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა), რომელიც ნარკოდანაშაულისთვის იყო დაკავებული, სასამართლო დარბაზიდან 15-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
პროდიუსერი „კვირის პალიტრას“ ესაუბრა.

ბევრი ადამიანი შეწუხდა და გვერდით დამიდგა, რომ ეს თანხა გადამეხადა. მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ჰაერზე და უმიზეზოდ არავის იჭერენ. დამნაშავე ვარ და მარტო იმიტომ ვარ დასახვრეტი, ჩემი უგუნური ქმედებით ჩემ გარშემო ამდენ ადამიანს რომ შევუქმენი პრობლემა. ცხოვრებაში აქამდე არავისთვის მომიხვევია თავზე არაფერი, არ მომიპარავს და ბოროტება არ ჩამიდენია, რას მერჩიან?! ბევრისთვის­ გირაოც უფრო იაფი შეუფარდებიათ. ხალხს­ თურმე ის აწუხებს­, რატომ ვარ გარეთ. ორი თვე გლდანის ციხეში გავატარე და კიდევ რა იქნება, არავინ იცის.

სინანულის გრძნობა მარტო იმიტომ მაქვს, რომ ასეთი შეცდომა დავუშვი და ჩემმა ქმედებამ შეაწუხა ყველა, ვისაც ჩემი ოჯახი უყვარს. ლელა იყო გადაფარებული­ ყველ­აზე, მილიონ ადამიანს დახმარებია და გამოუყვანია ციხიდან, შუამდგომლობდა ყველას, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. რა თქმა უნდა, კეთილგანწყობაც გამოიჩინეს, ალბათ, უფრო ლელას მიმართ. ჩემი ცხოვრების წესი არასოდეს ყოფილა დამალული. დღესაც არ ვსვამ, არ ვეწევი, თუმცა, გართობაზე უარი არ მითქვამს, არც აქ და არც საზღვარგარეთ, მიყვარს ელექტრონული მუსიკა, კლუბებშიც მივლია და არასოდეს დამიმალავს, რას ვაკეთებდი. შესაძლოა, ჩემი შეცდომაც ეს იყო. ვიყავი ჩემთვის წყნარად და ასევე წყნარად გამიშვეს გლდანში. ახლა ველოდები, რას მომისჯიან.

– მედიის წარმომადგენლები რატომ არ დაასწრეს პროცესს, რომელზეც პროკურორმა­ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო?

– იქ ჩემი მეგობრებიც არ ყოფილან. დარბაზში არავინ იყო და ვიკითხე, რა ხდება-მეთქი; მითხრეს, დარბაზი შეიცვალაო.­ მერე კი დაიწყო პროცესი და ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილეს. მე არც საზოგადო მოღვაწე ვარ, არც საჯარო მოხელე. ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ჰა-ჰა, იურმალაში წავიყვანო რამდენიმე ადამიანი და ვიომო, რომ გაიმარჯვონ და საქა­რთველოს დროშა აღმართონ.

არაფერი გამიკეთებია ისეთი, საზოგადოებისთვის შეურაცხყოფა რომ მიმეყენებინა. დავაშავე, მაგრამ ზიანი არავისთვის მიმიყენებია, არაფერი მომიპარავს, არც სახელმწიფო დამიზარალებია. მოსაბოდიშებელი არავისთან არაფერი მაქვს, შეცდომისგან კი არავინ არის დაზღვეული.

წყარო: “კვირის პალიტრა”

banner
წინა სტატიაში,,არაუშავს, მაგათ გვაკრიტიკონ, ჩვენ საქმე ვაკეთოთ”- ღარიბაშვილი -სანიკიძეს
შემდეგი სტატია,,საქართველომ რევოლუციებზე უარი თქვა და დიდი ხანია, განვითარების ევოლუციის გზით მივდივართ”