ლევან იზორია: მოსახლეობა პოლიციას აქტიურად აწვდიდა ინფორმაციას და ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარა

შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია შალვა აბულაძის დაკავების სპეცოპერაციას წარმატებულს უწოდებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “ყველაფერი კანონის დაცვით განხორციელდა”.
ამასთან, იზორია არ ადასტურებს და ტყუილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, შალვა აბულაძეს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია და თავად ჩაბარდა პოლიციას. მისივე განცხადებით, რამინ მამედოვისა და შალვა აბულაძის დაკავებებს შორის არანაირი კავშირი არ არის და მამედოვს სამართლადამცავებისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია. იზორიამ შალვა აბულაძის დაკავების შესახებ “იმედის” ეთერში ისაუბრა.
“გამთენიისას, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მინისტრის ხელმძღვანელობით სპეცოპერაცია განხორციელდა. ძებნილი ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში, მიტოვებულ სახლში აფარებდა თავს. როდესაც ის ალყაში იქნა მოქცეული, შეიარაღებულმა გაქცევა სცადა. ამ დროს პოლიციის მხიდან ადგილი ჰქონდა გამაფრთხილებელ გასროლას და, შესაბამისად, მოხდა მისი აყვანა. სპეცოპერაციის შედეგად არავითარ დაზიანებას არ ჰქონია ადგილი – განსხავებით იმ სპეცოპრაციებისგან, რომელიც ახლო წარსულიდან გვახსოვს, გავიხსენებ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციას, ნავთლუღის სპეცოპერაციას, სადაც სახელმწიფო სხვა ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებდა. ყველაფერი მაქსიმალურად კანონის დაცვით განხორციელდა და ძებნილი პირი დაკავებულია”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
მისივე განმარტებით, შსს სამძებრო საქმეს ახორციელებდა, რაც შეეხება საქმის გამოძიებას, იზორიას თქმით, ეს უკვე პროკურატურის კომპეტენციაა და საგამოძიებო მოქმედებები პროკურატურამ დაიწყო. ლევან იზორია ამბობს, რომ აბულაძე ყველა პროცესუალური უფლებით იქნება უზრუნველყოფილი.
შს მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მოსახლეობას და აღნიშნა, რომ მოსახლეობა აქტიურად აწვდიდა პოლიციას ინფორმაციას და დაეხმარა მას ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებაში.

banner
წინა სტატიაშირაიან გიგზმა რძალთან სექსის გამო ძმას ბოდიში მოუხადა
შემდეგი სტატიასააღდგომოდ პრეზიდენტი პატიმრებს შეიწყალებს