კახა კალაძე: მთავრობის წევრები ვალდებული იყვნენ მუხათგვერდში დაკრძალვაზე ყოფილიყვნენ

ძალიან საპახუსიმგებლო თანამდებობაა, იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

ქართველი ჯარისკაცების დაკრძალვაზე დასწრების ვალდებულება ჰქონდა არა მარტო თავდაცვის მინისტრს, არამედ მთლიანად მთავრობის წევრებს , – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა, რითაც საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ორი დღის წინ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვას მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო, თავდაცვის უწყება კი ცერემონიაზე მინისტრის მოადგილისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის რანგში იყო წარმოდგენილი.
კალაძის განმარტებით, პირადად მან ჯარისკაცების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის შესახებ არ იცოდა.
“მე პირადად ნამდვილად არ ვიცოდი ამ დაკრძალვის შესახებ. რომ მცოდნოდა, ალბათ, არა მარტო თავდაცვის მინისტრი, არამედ მთავრობის წევრების ვალდებულებაც იყო, რომ ყოფილიყვნენ”, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე.
ამ საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა პოლიტსაბჭოს წარმომადგენელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ. მისი აზრით, თავდაცვის მინისტრი პატრიოტია და მის მიმართ უარყოფითი პოზიციის ჩამოყალიბება ხელოვნურად შექმნილი თემაა.
“მინდია ჯანელიძე არის პატრიოტი ჯარისკაცი. მის მიმართ გარკვეული პოზიციის ჩამოყალიბება არის თემა. მინდია ჯანელიძე არ არის ის ადამიანი, რომელიც ადამიანურ საკითხებს, მეორე პლანზე წევს”, – განმარტა ვოლსკიმ.
გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განცხადა, რომ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ქართველი ჯარისკაცების ფრაგმენტების დაკრძალვას საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამიტის გამო ვერ დაესწრო.
როგორც ჯანელიძემ “მაესტროს ცხრიანში” განაცხადა, სამიტის გამო არ ჰქონდა დრო, რომ დაკრძალვას დასწრებოდა.
“2 აპრილს იყო სამმხრივი სამიტი აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს შორის. ვისაუბრეთ, საინტერესო შეხვედრები და საუბრები გვქონდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებსა და თანამშრომლობაზე. მთელი დღე იყო დატვირთული. ჩვენ გავთავისუფლდით საღამოს 21:00 საათზე. გენერალური შტაბის უფროსი და პირველი მოადგილე ჩართული იყვნენ ამ სამიტის მუშაობაში. დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე და გენერალური შტაბის უფროსის ორი მოადგილე”, – განმარტა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, დაკრძალვა მოხდა არა ცხედრების, არამედ დნმ ანალიზისთვის აღებული ნიმუშების. “ეს არ ყოფილა ჩვენი ჯარისკაცების, ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ოპერაციებში დაღუპული სამხედროების დაკრძალვის ოფიციალური ცერემონიალი, ეს გმირები ჩვენ დიდი ხნით ადრე მივაბარეთ მიწას, ეს იყო ცერემონიალი, რომელიც უკავშირდებოდა დნმ-ის ზუსტი დადგენისთვის აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარებას. თუმცა ღონისძიება ჩატარდა ისე, როგორც ეს ეკადრება ჩვენი ჯარისკაცების ხსოვნას”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიIV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში მისიას გადაიბარებს
შემდეგი სტატიაუმრავლესობა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს