კახა კალაძე ვერ აკონკრეტებს, როდემდე გადავადდება კომერციული ობიექტებისთვის გაზის გაძვირება

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე ვერ აკონკრეტებს, რა ვადით შეიძლება მოხდეს კომერციული ობიექტებისთვის გაზის საფასურის გაძვირების გადავადება.
როგორც კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, “ყველაფერი 1 მარტამდე გაირკვევა”.
მისივე განმარტებით, საფასურის გაძვირების გადავადების საკითხზე” სოკართან” მოლაპარაკება უკვე დაწყებულია.
“რაც შეეხება გაზის გაძვირებას, მხოლოდ კომერციულ ობიექტებზე იყო საუბარი. როგორც იცით, ეს კურსთა შორის სხვაობას უკავშირდებოდა. ყველაზე სერიოზული პრობლემები შეექმნა “ყაზტრანსგაზს” და თბილისში არსებულ კომპანიებს, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობას ბუნებრივი აირით ამარაგებენ. შესაბამისად, მათ გააკეთეს განაცხადი, რომ კურსთა შორის სხვაობის გამო აუცილებელია, კომერციულ ობიექტებს, პურის საცხობების გამოკლებით, გაეზარდოთ ტარიფი, თუმცა “სოკართან” განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, რომ ამ ეტაპზე არ მოხდეს გაზის ფასის გაძვირება”, – განაცხადა კალაძემ.
კომერციული ობიექტებისთვის გაზის საფასურის ზრდა 1 მარტიდან იგეგმება.

banner
წინა სტატიაშისოკარი წილს ყიდის
შემდეგი სტატია“ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი, რომელიც საქართველოში იქმნება, რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული”