“ის იცავდა მშვიდობას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში”-პრემიერი რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერი რამაზ დავითაიას ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
“დიდ მწუხარებას გამოვთქვამ კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო. ის იცავდა მშვიდობას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში – ავღანეთში, სადაც 2012 წელს მძიმედ დაიჭრა. ჩვენი ექიმები დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ნამდვილი ჯარისკაცისა და მამულიშვილის გადარჩენა. რამაზ დავითაიამ ჩვენს სამშობლოსა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისათვის გაწირა თავი. მე ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ რამაზ დავითაიას ოჯახს, ახლობლებს. მიგულეთ თქვენ გვერდით ამ განსაცდელის ჟამს”, – ნათქვამია პრემიერის სამძიმარში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელდა.
ISAF-ის მისიაში დაჭრილი კაპრალი რამაზ დავითაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გარდაიცვალა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რამაზ დავითაია მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას. 2012 წლის 20 ივნისს ქართველი სამხედრო მოსამსახურე პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა. რამაზ დავითაია თავდაპირველად გერმანიაში ჰაიდელბერგის ამერიკულ კლინიკაში მკურნალობდა, შემდგომში კი რეაბილიტაციას “ნიუ ჰოსპიტალში” და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. მიმდინარეობდა მუშაობა აშშ-ის მთავრობასთან და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად კაპრალ დავითაიას ამერიკაში სამკურნალოდ შესაძლო გადაყვანაზე.
რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით “სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის” და უწყებრივი მედლით “საბრძოლო იარისათვის”.

banner
წინა სტატიაში“სანაია 10 წლის მანძილზე ამ საქმით, რომ დაინტერესებულიყო უფრო სერიოზულ განცხადებებს გააკეთებდა”- ხიდაშელი ვახო სანაიას პასუხობს
შემდეგი სტატიანაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შესაძლოა გაუქმდეს