აჭარაში ვერავინ ვერ გადააყენებს ხალხის მიერ არჩეულ, დაკომპლექტებულ მთავრობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ჰოლიდეი ინნში”, მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
“არ ვფიქრობ, რომ ჩემი შესაფასებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მუშაობა და მისი ეფექტიანობა. ეს მოსახლეობამ უნდა შეაფასოს და თუ მეკითხებით როგორც კოალიციის ხელმძღვანელს, მაშინ მე მაინტერესებს და ჩართული ვარ ამ ვითარებაში და ვიცი იქ რაც ხდება. სამწუხაროა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა წევრებმა, რის ხარჯზე, რა მიზნით, რა მოტივაციით დატოვეს პარტია. ერთმა დატოვა და მეორე ჩვენ გავრიცხეთ პარტიიდან, ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია. ჩვენ ურჩ და მოღალატე წევრებს არ გავიჩერებთ პარტიაში და თუ ვინმეს შევატყობთ რაიმე ნიშნებს სხვებსაც ადეკვატურ პასუხს გავცემთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, აჭარაში ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის.
“ვერავინ ვერ გადააყენებს ხალხის მიერ არჩეულ, დაკომპლექტებულ მთავრობას და უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშნულ მთავრობას. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები, რომ წარმოაჩინონ თითქოს რაღაც რყევები მიმდინარეობს, ჩვენ კანონით მინიჭებულ ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიტუაცია იყოს კონტრლის ქვეშ, დანარჩენი არის პოლიტიკური თამაშები”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, იგი აჭარაში ვადამდელ არჩევნებს არ ელოდება.
“ყველა იმ ადამიანს, რომელმაც უღალატა “ქართულ ოცნებას” და ქართველი ხალხის არჩევანს, ისინი საქართველოს მოსახლეობის წინაშე აგებენ პასუხს. არ არის ჩემთვის საინტერესო არც მურმან დუმბაძე, არც ჯემალ ფუტკარაძე, ესენი ჩვეულებრივი მოღალატეები არიან ჩემთვის, არ არის საინტერესო მათზე საუბარი. ხალხს არ აინტერესებს არც მურმან დუმბაძე არც ჯემალ ფუტკარაძე და არც მედეა ვასაძე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.