ილია მეორე – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია, მაგრამ ეს არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს

patriarqi

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია, მაგრამ ეს არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში ბულგარეთის პრეზიდენტთან როსენ პლევნელიევთან შეხვედრისას განაცხადა.
ილია მეორემ საპატრიარქოში ბულგარეთის პრეზიდენტი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მიიღო. შეხვედრისას პატრიარქმა ხაზი გაუსვა ქართველებისა და ბულგარელების საუკუნოვან მეგობრობასა და სულიერ ურთიერთობას.
“გულითადად მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით. თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა და ამის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია ბაჩკოვოს მონასტერი, რომელიც ქართველების მიერ დაარსდა”, – აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, იგი არაერთხელ ყოფილა ბულგარეთში, იცნობს ბულგარეთის კულტურას, სულიერებას, სასულიეორ პირებს. პატრიარქმა განაცხადა რომ იგი იმყოფებოდა ბულგარეთში პატრიარქად მაქსიმეს კურთხევის დღეს.
“ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს, ერთი მიზნები, ერთი მისწრაფება. ვფიქრობ, რომ ჩვენი მეგობრობა ორივე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, როდესაც ამდენი პრობლემა დგას ჩვენი ქვეყნების და საერთოდ კაცობრიობის წინაშე. ჩვენ ვხვდებით ისეთ პრობლემებს, რომელიც წარმოუდგენელია 21-ე საუკუენში. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. თქვენ იცით, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია და დროებით არ კონტროლდება ჩვენს მიერ, მაგრამ ეს არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს”, – განაცხადა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, იგი 11 წლის განმავლობაში იყო აფხაზეთში მიტროპოლიტი. საუბრისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის არასდროს ყოფილა გაუგებრობა. უწმინდესმა განაცხადა, რომ აფხაზეთი ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტია.
“მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და კარგად ვიცნობ ამ ხალხს, იქ მცხოვრებთ. ჩვენს შორის არასდროს ყოფილა გაუგებრობა. ეს არის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასეთი სიტუაცია დიდხანს ვერ გაგრძელდება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენ და თქვენს თანმხლებ პირებს. გისურვეთ, რომ თქვენ კარგად გაეცნოთ ქართველ ხალხს, ქართულ ცხოვრებას და ვფიქრობ, ეს იქნება მხოლოდ დასაწყისი თქვენი ურთიერთობის ჩვენთან და მერე იგი უფრო განმტკიცდება მომავალში”, – ბრძანა უწმინდესმა შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მდინარე ვერეს დინება შეიცვალა
შემდეგი სტატიავერეს ხეობის მდგომარეობის შესწავლისა და აღდგენითი სამუშაოებისთვის უწყებათაშორისი კომისია იქმნება