თინათინ ხიდაშელი ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ლუბომირ ზაორალეკს შეხვდა.
როგორც “თაიმერს” საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას ჩეხეთის მხარემ ჩერნინის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრაზე ლუბომირ ზაორალეკმა ქართულ მხარეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას. მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის და საგარეო პოლიტიკის საკითხები განიხილეს. საუბარი აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების გარემოს შეეხო.
“ლუბომირ ზაორალეკმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების პროგრესი და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობა. როგორც შეხვედრის მონაწილე მხარეებმა აღნიშნეს, დღევანდელი შეხვედრა ორი ქვეყნის ინტენსიური ურთიერთთანამშრომლობის დადასტურებაა”, _ განაცხადეს სამინისტროში.
მათივე თქმით, შეხვედრას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ქართული დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშისაჯარო რეესტრის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 4.5%-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიაივანიშვილს არ აინტერესებს, რა მდგომარეობა არის საქართველოს ეკონომიკაში