თეა წულუკიანი: პუტინთან სტუმრობა და მისთვის ღიმილი არ მიმაჩნია განსაკუთრებული სიმამაცის მაჩვენებლად

თეა წულუკიანი -

პუტინთან სტუმრობა და მისთვის ღიმილი არ მიმაჩნია განსაკუთრებული სიმამაცის მაჩვენებლად, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მიერ რუსული ტელეარხის ეთერში გაკეთებული იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც ქართულ მხარეს არ ყოფნის ვაჟკაცობა რუსეთთან მოლაპარაკებაზე ღიად წავიდეს.
“პუტინთან სტუმრობა და მისთვის ღიმილი არ მიმაჩნია განსაკუთრებული სიმამაცის მაჩვენებლად. საქართველოს ჰყავს ის ხელისუფლება, რომელიც არ დაუშვებს სტაბილურობის მორღვევას ამ ქვეყანაში. საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ დაუშვებს ომს ამ ქვეყანაში და საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც აქვს გონივრული, პრაგმატული და ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკა. ეს არის სწორედ ის, რაც მიმაჩნია მამაცობის საუკეთესო მაგალითად იმიტომ, რომ გონივრული პოლიტიკის განხორციელება საქართველოსთვის არ არის ადვილი და ის, რაც არ არის ადვილი, არის სწორედ სიმამაცე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში იმყოფება. ბურჯანაძემ “ენტევეს” ინტერვიუ მისცა.
“ჩემი აზრით, რაც ახლა ხდება საქართველოში, რომ სახელმწიფოს მთავარ მიზანს ნატო-ში ან ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს – არის ფუნდამენტურად არასწორი. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ნატო-ში არავინ გველოდება, და არავინ მიგვიღებს. ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი არ არის რეალისტური და არ შედის საქართველოს ინტერესებში”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, იგი მოსკოვში შეხვდა პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოსთან დიალოგისთვის მზად არიან. თუმცა, საქართველოს მთავრობა კვლავ აშშ-ზეა დამოკიდებული.
“თუ ჩვენი წარმომადგენლები მოისურვებენ გამოთქვან ისეთი მზადყოფნა, როგორიც მე დღეს დავინახე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ამას მე, მხოლოდ სიამოვნებით შევუწყობ ხელს”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის წევრს, სხდომის ავადმყოფობის მიზეზით გაცდენისას, ე.წ. ბიულეტენის წარდგენა მოუწევს
შემდეგი სტატიაზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული აქამდე უცნობი დეტალები დღეს გასაჯაროვდება