პარლამენტის წევრს, სხდომის ავადმყოფობის მიზეზით გაცდენისას, ე.წ. ბიულეტენის წარდგენა მოუწევს

პარლამენტის წევრს, რომელიც სხდომას ავადმყოფობის მიზეზით გააცდენს, ე.წ. ბიულეტენის წარმოდგენა მოუწევს.
სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის რეგლამენტირება მხოლოდ “ოჯახური მდგომარეობის” მიზეზით გაცდენას არ შეეხება.
პარლამენტი რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა სხდომაზე განმარტა, რეგლამენტს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრის მიერ პარლამენტის სხდომების ავადმყოფობის მიზეზით გაცდენა, საავადმყოფო ფურცლით უნდა დადასტურდეს. საავადმყოფო ფურცელი პარლამენტის მანდატურის სამსახურს მისი დახურვიდან ერთი კვირის ვადაში უნდა წარედგინოს.
გარდა ამისა, პარლამენტის წევრის სამსახურეობრივ მივლინებაში ყოფნის ფაქტი უფლებამოსილი პირის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნდა დასტურდებოდეს, რომელიც მანდატურის სამსახურს გამოცემისთანავე უნდა უნდა გადაეცეს.
დღეს ამ ყველაფრის სავალდებულოება რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის.
რაც შეეხება “ოჯახურ მდგომარეობას”, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით, სხდომების ოჯახური მდგომარეობის გამო გაცდენა, დეპუტატს საპატიო მიზეზად აღარ ჩაეთვლება. კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტის 133-ე მუხლის მე -10 პუნქტიდან, რომელიც პარლამენტის პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზების ჩამონათვალს ადგენს, “ოჯახური მდგომარეობის” გამო გაცდენის ამოღება ხდება.
პარლამენტის დღეს მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტის წევრის მიერ პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა, სამსახურებრივი მივლინება.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი რეალისტური არ არის და საქართველოს ინტერესებში არ შედის
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: პუტინთან სტუმრობა და მისთვის ღიმილი არ მიმაჩნია განსაკუთრებული სიმამაცის მაჩვენებლად