“თბილისს ასეთი უუნარო მერი და მმართველობა არასდროს ჰყოლია”

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის ზაზა ვეკუას განცხადებით, თბილისს ასეთი უუნარო მთავრობა არასდროს ჰყოლია.

“თბილისს ასეთი უუნარო მერი და მმართველობა არასდროს ჰყოლია. რაღაც უსუსური, ამორფული ადამიანების ერთობა მივიღეთ. ამ დავით ნარმანიამ კიდევ არ იცის ეს თბილისი, არ უყვარს და არც სტკივა თბილისელთა სატკივარი. მარტო მაგათ უსაქმურობაშიც არ არის საქმე, გაცილებიოთ რთულადაა ყველაფერი“,- აცხადებს ვეკუა გაზეთ “ალიასთან“ ინტერვიუში.

ფრაქციის თავმჯდომარის მოსაზრებით, ცოტა ხნის წინ, ქრთამის აღების ბრალდებით მერიის მაღალჩინოსნის ჯოკია ბოდოკიას დაკავებით ვიღაცას დააფარეს ხელი.

“ჯოკია ბოდოკიას იმ ქრთამის ნაწილი ვიღაცასთვის უნდა მიეტანა, მაგრამ დაიჭირეს. შეუშვი იმ მერიაში, მიჰყევი ბოლომდე, მისცეს ქრთამი ვისთვისაც მისაცემია, გახსენი კორუფციული სქემა ბოლომდე რა დალოცვილო! ეს ვერ მიპატიებია მათთვის, ვინც ბოდოკია დაიჭირა. ეს სპეცოპერაცია იყო, ფული დანომრილი გახლდათ და კონკრეტული ბიზნესმები თანაშრომლობდა შს სამინისტროსთან. ამათ კი, ადგნენ და ვიღაცას ხელი დააფარეს“,- აცხადებს ვეკუა.

მისი თქმითვე, დედაქალაქის მერიაში კორუფციულ გარიგებებში ყველა ეჭვმიტანილია, რადგან არავინ იცის, რა დონის კორუფცია არსებობს.

“ახლა საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ამ საქმეში გარეულია მერიც, ყველა ვიცე-მერიც და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე. ამდენი ხალხი ეჭვქვეშ დააყენეს ვიღაცის გადასარჩენად. მე ხელს ვერავისკენ გავიშვერ, მერიაში ბევრი წესიერი კაცია, მაგრამ ახლა ყველა ეჭვმიტანილია“,-აღნიშნავს ზაზა ვეკუა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” საყდრისის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას არ აპირებს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნას მნიშვნელოვანს უწოდებს