თბილისის მერია მრჩევლის ხუთი ახალი შტატის დამატების შესახებ განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია მრჩევლის ხუთი ახალი შტატის დამატების შესახებ საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ თამაზ შოშიაშვილის ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
დედაქალაქის მთავრობა შოშიაშვილს სიცრუის ტირაჟირებასა და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.
“დღეს თბილისის საკრებულოს წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, თამაზ შოშიაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს დედაქალაქის მერიას მრჩევლის ხუთი ახალი შტატი დაემატება.
თბილისის მერიის საშტატო ნუსხის მიხედვით, წლების განმავლობაში მრჩევლის შტატი მერის, ვიცე-მერისა და მერიის სხვადასხვა სამსახურის აპარატებში იყო გადანაწილებული, რაც თავად მრჩევლის ინსტიტუტის ფუნქციას არაეფექტურს ხდიდა.
“საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით, თბილისის მერიის საჯარო თანამდებობებში განისაზღვრა მერის მრჩევლის თანამდებობა.
თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მერიის სისტემაში გადანაწილებული მრჩევლის შტატები უქმდება და მერიის ადმინისტრაციის ქვეშ ერთიანდება. ამით მერიის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა შესაბამისობაში მოვა საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან. ინიციატივაც, რომელიც თბილისის საკრებულოში შევიდა, აღნიშნული საკითხის დარეგულირებას ისახავს მიზნად. აღნიშნული ცვლილება ბიუჯეტში დამატებით ასიგნების გამოყოფას არ გამოიწვევს.
სამწუხაროა, რომ საკრებულოს წევრთა ერთი ნაწილი კვლავაც სიცრუის ტირაჟირებით მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – ძალიან კარგია, რომ ლარის გამყარება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადემოკრატიული მოძრაობა თელავში ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს