თამარ სანიკიძე – “ნაციონალური მოძრაობის” არც ერთი განცხადება სიმართლესთან ახლოს არ არის

ნაციონალური მოძრაობის” მიერ გაკეთებული არც ერთი განცხადება სიმართლესთან ახლოს არ არის. ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზე გაკეთებულ განცხადებას.
მინისტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სქემაზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლესთან ახლოსაც კი არ არის, ის არ ემსახურება სქემის შინაარსობრივ კრიტიკას და მიმართულია პედაგოგების დისკრიმინაციისა და შეცდომაში შეყვანისკენ.
ბრიფინგზე თამარ სანიკიძემ ყურადღება გაამახვილა იმ რამდენიმე მომენტზე, რომელზეც საზოგადოებას საჭიროა, რომ სწორი ინფორმაცია ჰქონდეს. “კერძოდ, ერთ-ერთი ბრალდების თანახმად, წლის განმავლობაში იგეგმება დაახლოებით, 5 000 მასწავლებლის განთავისუფლება, რაც ალოგიკური განაცხადია. არგუმენტად მოჰყავთ საბიუჯეტო ციფრები, თუმცა ბიუჯეტში, რომელიც გათვალისწინებულია 2015 წლისთვის, არსად იკითხება მასწავლებლების რაოდენობა, რომელთათვის გათვალისწინებულია ესა თუ ის საბიუჯეტო სახსრები”, – განაცხადა სანიკიძემ.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სქემის პირველი შედეგები 2017-2018 წელს დაიდება და აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა კარიერული წინსვლა და ფინანსური მდგომარეობა ორი წლით გადაიწევს, რაც სიცრუეა, რადგან 2015 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია პედაგოგთა სახელფასო ზრდა. შესაბამისად, ნორმატიულ დოკუმენტებში დამტკიცებულია 2016 და 2017 წლების სახელფასო ზრდა.
რაც შეეხება დოქტორის ხარისხის მქონე მასწავლებლებს, თითქოს მხოლოდ მათ შეუძლიათ დაიკავონ წარმატებული მასწავლებლის კარიერული საფეხური, მინისტრმა განაცხადა, რომ ესეც მცდარია, რადგან დოკუმენტებში გაწერილია, რომ ყველა მასწავლებელს, ვისაც აქვს დაძლეული პირველი ორი საფეხურით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათგან ნებისმიერს შეუძლია მესამე, წამყვანი მასწავლებლის პოზიცია დაიკავოს.
ბრალდებაზე, თითქოს სქემა არ ითვალისწინებს სერტიფიცირებული მასწავლებლების მდგომარეობას, რომლებიც არ არიან დღესდღეობით პროფესიაში შესული, თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ ესეც მცდარია, რადგან სქემის დიდი ნაწილი არეგულირებს ზოგადად მასწავლებლის პროფესიაში შესვლას და შესვლის ალტერნატიულ გზებს.
მინისტრმა სამწუხარო უწოდა მიდგომას, როდესაც სკოლის შეფასების ჯგუფს პოლიტიკოსები მოიხსენიებენ ბიუროკრატიულ მექანიზმად. მისი თქმით, სკოლის შეფასების ჯგუფი ეს არის მასწავლებლისგან, სასწავლო ნაწილისგან, მასწავლებლების კათედრების მიერ არჩეული ფასილიტატორებისა და დირექტორებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომლებიც სკოლაში შეფასების კომპონენტის დანერგვას მოახდენენ.
თამარ სანიკიძის კომენტარს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში„კალაძემ ღარიბაშვილს ფურცლები მიაყარა და უთხრა, 150 მილიონი იქედან მოიტანე, საიდანაც გინდაო“
შემდეგი სტატიაბურჯანაძე თუ ალასანია? –„ ობში“ კანდიდატის ძიება და ჩურკინის „პროექტი“