“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, სამი წლის განმავლობაში ზედიზედ უფასურდება ეროვნული ვალუტა. როგორც ზურაბ მელიქიშვილმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დაახლოებით 40%-ის გაუფასურების ნიშნულზე არის ლარი.
“გამომდინარე იქედან, რომ დოლარში ხდება გაანგარიშება ნებისმიერი პროდუქტის, ნებისმიერი მომსახურების, 40%-ით გაუძვირდა პენსიონერსაც, მასწავლებელსაც და თვითოეულ ჩვენგანს ცხოვრება. ნაცვლად დაპირებული განახევრებული ტარიფისა, გაიზარდა ელექტროენერგიაზე ტარიფი და კაცმა არ იცის რა იქნება გაზთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის იმ 3-წლიანი პოლიტიკის შედეგი, როდესაც გეუბნებოდით, რომ მიხედეთ ინვესტიციებს უშუალოდ ენერგეტიკის სფეროში”, -განაცხადა მელიქიშვილმა.
მისივე თქმით, ყველაფრის გადაბრალება ხდება საგარეო ფაქტორებზე.
“მითხარით, რომელი საგარეო ფაქტორის ბრალია, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზა არის გაჩერებული, რომლის 60 % იყო დასრულებული. რომელი საგარეო ფაქტორის ბრალია, როდესაც მიწის კანონი მივიღეთ, რომელმაც პირდაპირ გააჩერა ინვესტიციების შემოდინება”, – განაცხადა მელიქიშვილმა.