ვეფხვის გამოსატყუებლად სპეციალურად ლეშის დადებას აპირებენ

მონადირეთა ფედერაციის პრეზიდენტის, თემურ ტყემალაძის განცხადებით, ვეფხვის კვალი სავარაუდოდ, ბაგებისკენ მიდის.

როგორც ტყემალაძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, სპეციალური ჯგუფები ე.წ გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ, რათა მტაცებელი ცხოველის კვალს მიაგნონ.

„ჩვენ დავიწყეთ ე.წ. წმენდა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ შემოსული შეტყობინების საფუძველზე იკრიბება ჯგუფი, რომელიც ჯაჭვურად, ძაღლებით შედის, რათა ნივთების და ტერიტორიის შემოწმება განახორციელოს. ამ ეტაპზე ყველა სამსახურთან ერთად მზიურიდან და ზოოპარკიდან მივუყვებით ზევით, ვეძებთ სად არის კვალი და მივყვებით ბაგებისკენ. აღნიშნული ვერსია ლოგიკურია. სავარაუდოდ, ვეფხვი ხეობას მიყვება, შეუძლია გავიდეს სასაფლაოსკენ, მერე გადავიდეს ბაგებში და წავიდეს ზევით წყნეთისკენ ან მთაწმინდისკენ, თუმცა ამას დადგენა და მიყოლა სჭირდება“, – განაცხადა ტყემალაძემ.

მისი თქმით, მონადირეები ვეფხვის გამოსატყუებლად სპეციალურად ლეშის დადებას აპირებენ.

„თითქმის ყველა მონდირეს ძაღლი ჰყავს. ძაღლი არის ის არსება, რომელიც დაცვით საკითხს თავისთავზე იღებს, რეაგირებას ახდენს მტაცებელზე და მონადირეს მესიჯს აძლევს. ზოგან ლეშის დაყრასაც ვგეგმავთ, სადაც სავარაუდოდ მტაცებელი ტრიალებს. ეს ყველაზე კარგი მეთოდი გახლავთ, რადგანაც მას გამზადებულ საკვებს ვუდებთ და თუ მხეცმა ლეში მიირთვა იქიდან არ წავა და შემდეგ კი ჩვენ ლოკალურად ვიმოქმედებთ“, – აღნიშნა მონადირეთა ფედერაციის პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, არ იგეგმება ცხოველის ლიკვიდირება.

„აღნიშნული ძუ ვეფხვი თვინიერია და თხოვნაც არის, რომ არ მოვლკათ. მეც ჩვენი ჯგუფის წევრები გავაფრთხილე და თუ მტაცებელს აგრესია ვერ შევამჩნიეთ არ მოვკლავთ და დავაძინებთ“, – განაცხადა თემურ ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაშიჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 30 ივნისს დაინიშნა
შემდეგი სტატიალავროვი ევროპას ,,სარკისებრ,, პასუხს პირდება