ეროვნული სატყეო სააგენტო და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთობლივ სანიტარულ ჭრებს ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე იწყებს

13394_870152933041678_4460528193814538010_nგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელ დიმიტრი ყიფიანთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ სანიტარული ჭრების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ეროვნული სატყეო სააგენტო და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთობლივ სანიტარულ ჭრებს ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე იწყებს.
სანიტარულ ჭრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტი განახორციელებს, რომლის დროსაც მოჭრილი და ტყიდან გამოტანილი იქნება მხოლოდ ხმელი, ხმობადი და მავნებლით ძლიერ დაზიანებული ხეები, რომელიც დაახლოებით 400 ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცემა. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახური ჭრების პროცესს მონიტორინგს გაუწევს. ჭრების დასრულების შემდეგ პლატოს ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტო მიმდინარე წელს, ტყის აღდგენის სამუშაოებს განახორციელებს. სამცხე-ჯავახეთის წიწვოვან კორომებში მბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივი გავრცელება 2011 წლიდან გამოვლინდა.

1601532_870152936375011_6756713810404567513_n

ხმობის ყველაზე მაღალი ინტენსივობა ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის, ჩარხისწყლის სატყეოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ტერიტორია დასახლებულ პუნქტთან სიახლოვის გამო ძირითად სარეკრიაციო ზონას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, ასევე რეგიონის ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით. სანიტარული ჭრა, სწორედ აღნიშნული ტერიტორიიდან დაიწყება, ხოლო შემდგომ წლებში რეგიონის მასშტაბით განხორციელდება.
ეროვნული სატყეო სააგენტო, მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებას ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებით 2012 წლიდან ახორციელებს. თუმცა, საუკეთესო შედეგებისთვის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტების მიერ რეკომენდირებულია სანიტარული ჭრების განხორციელება.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი: ყირიმის ანექსია დანაშაულებრივი და უკანონო იყო
შემდეგი სტატიაფოტო, რომელმაც შეძრა საქართველო