ერთი ჯარისკაცის კვებაზე სახელმწიფო დღეში 11-15 ლარს ხარჯავს

ერთი ჯარისკაცის კვებაზე სახელმწიფო დღეში 11-15 ლარს ხარჯავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის” დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ განუცხადა.
“რაც შეეხება ტარიფებს, ერთ ჯარისკაცზე დღიური ანაზღაურება სპეციალური ოპერაციის ძალებისთვის არის 15, 87 ლარი და საჯარისო ნაწილისთვის 11, 22 ლარი”, – განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ.
მისივე განმარტებით, უკვე შემუშავებულია სტრატეგია, რომელმაც სამხედროების “უვნებელი და კარგი კვება” უნდა უზრუნველყოს, რასთან დაკავშირებითაც წინამორბედ კომპანია “ქართულ კვებასთან” შეკითხვები არსებობდა.
“2013-2014 წლებიდან დაიწყო სასადილო ობიექტების გაუმჯობესება. ჩვენ ვგეგმავთ მედიის მიწვევას ერთ-ერთ სასადილოში, რომელიც ჩვენთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის სტანდარტია, რომლის მიხედვითაც ყველა სასადილო აშენდება. იცით, რომ იყო კრიზისული თემები, მათ შორის ჯვარედინი დაბინძურების პრობლემა, რადგან სასადილო ობიექტები არ იყო იმგვარად აშენებული და იმდენად რეკონსტრუქტურებული, რომ აღნიშნული თავიდან ყოფილიყო აცილებული. სხვათაშორის, ეს ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო, თუმცა 2013-2014 წლებში დაიწყო ამაზე მუშაობა და ეს პროცესი გრძელდება. ამის ნათელი მაგალითია ხონის ახალი სასადილო, რომელშიც გათვალისწინებულია ყველა ე.წ. დასავლური პრინციპი. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ერთ დღეში ვერ დასრულდება, თუმცა ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს. მაგალითი გვაქვს, სტანდარტი შექმნილია რათა ეტაპობრივად მივაღწიოთ იმ შედეგს, რასაც ჰქვია ჯარის უვნებელი და კარგი კვება. ეს არის ე.წ. ევოლუციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად მოხდება ჩანაცვლება იმის, რაც მემკვიდრეობით გვერგო”, – აღნიშნა კომპანია “სახელმწიფო კვეთიბი უზრუნველყოფის” დირექტორმა.
ქართული ჯარის კვებას 2015 წლის 15 თებერვლიდან შპს “სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა” ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – იმ ტერიტორიის შესყიდვა, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველო გაიხსნა, ვანო მერაბიშვილის მამას ერთ ლარად სურდა