ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

დღეს ქალაქ ჯვარში ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ცერემონია გაიმართა.

ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის განსაზღვრას ითვალისწინებს. როგორც “თაიმერის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საინვესტიციო ფონდის, ენერგო სექტორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ენგურჰესი ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინიტროსა და შპს „ენგურჰესის“ ხელშეწყობითა და თანადგომით განხორციელდება.

ღონისძიებაზე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია ჰესის 12 თანამშრომელს ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის სიგელებს და ფულად პრემიას გადასცემენ.

ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსია, რომელიც დაბა ჯვრიდან შავ ზღვამდე, ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კაშხალი, რომლის საერთო სიმაღლე 271.5 მეტრი, ხოლო განივისიგძე 728 მეტრია; ცის თაღის ფორმის კაშხალი, მისი სიმაღლით, მეორე ადგილზეა მსოფლიოში თაღოვან კაშხლებს შორის.

ინდუსტრიული და საინჟინრო მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრებისა და ამ მიმართულებით, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აქტიურ მუშაობას იწყებს.

ინდუსტრიული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის მნიშვნელობის დასტურია UNSESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წლევანდელი, 39-ე სესია, სადაც ნორვეგიის რიუკან-ნოტოდენის სამრეწველო მემკვიდრეობას – ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, ქარხნების, სატრნასპორტო სისტემებისა და ქალაქების ერთობლიობას – მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია ასევე, იაპონიის მეიჯი პერიოდის ინდუსტრიული რევოლუციის სივრცეები (ქარხნები, ქალაქები), ჰამბურგის საწყობები, ფორტ ბრიჯი დიდ ბრიტანეთში, „ფრაიბენტოს“ ინდუსტრიული ლანდშაფტი ურუგვაიში. 2015 წელს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით „ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დღეების“ მთავარი თემა სწორედ ინდუსტრიული მემკვიდრეობა იქნება.

engur 1 engur 2 engur 5 engur 8 engur3 engur4 engur6 engur7 engur9

banner
წინა სტატიაშიჩინეთში აფეთქების ადგილას ხელახლა გაჩნდა ცეცხლი
შემდეგი სტატიასაპატრულო ეკიპაჟსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა