დოდონა კიზიარია:ნუ დავივიწყებთ ყველაფერს ამას, მეგობრებო!

ნუ დავივიწყებთ ყველაფერს ამას, მეგობრებო!

ნუ დავივიწყებთ ყველაფერს ამას, მეგობრებო!ამ დღეს, 22 წლის წინ დავკარგეთ აფხაზეთი, საქართველოს ერთერთი ულამაზესი კუთხე. დღესაც, ისევე, როგორც ყოველთვის და ყოველდღე, გავიხსენოთ ყველა ისინი, ვინც იმ ტრაგიკულ დღეებში მის დაცვას შესწირა თავი, ვინც სიცოცხლეს გამოასალმეს – ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა. თავი დავხაროთ მათ მოსაგაონებლად და მათი ხსოვნის პატივსაცემად.

ამ დღეს გამამხნევებელი სიტყვა ვუთხრათ და მივესალბუნოთ ყველას, ვინც დაკარგა წინაპართა მიწა, სახლ-კარი და უამრავი ნაცნობ-მეგობარი. მთელი გულით ვიზიარებ მათ დარდს, თუმცა ვერცერთი ჩვენგანი, ვისაც მსგავსი რამ არ გამოუცდია, ვერ შესძლებს გააცნობიეროს ის უკიდეგანო ტკივილი, რაც მათ გულსა და სულს ამძიმებს. ან როგორ უნდა ჩასწვდე იმ ადამიანების განცდას, რომლებიც მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში ხედავენ სარეველა ბალახითა და ბუჩქნარითა  დაფარულ კუთხე-კუნჭულებს, სადაც დაბადებულან, სადაც ბავშვობა და ახალგაზრდობა გაუტარებიათ!

 

ამ დღეს ვისურვოთ, რომ აღდგეს ჩატეხილი ხიდი ჩვენსა და აფხაზებს შორის, რომ დაგვიბრუნდეს ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლობა. აეხილოს თვალი იმ აფხაზ ახალგაზრდობას, რომლებსაც ცდილობენ ამოურეცხონ გონებიდან, რომ მათი სამშობლო საქართველოა, რომ ქართველები და არა რუსები არიან მათი ძმები და დები.   „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია.“

 

მაგრამ ამ დღეს ნუ დავივიწყებთ მათაც, ვინც თავს დაგვატეხა ეს უბედურება. ნუ დავივიწყებთ, რომ ეს იყო რუსეთის ბოროტი ძალა და მათ სამსახურში მყოფი ქართველი მოღალატეები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობაში ხედავდნენ მათი საბჭოთა პრივილეგიების დასასრულს,, რომლებიც რუსულ ტანკებზე დასკუპებულები მოუძღოდნენ მტერს თბილისისაკენ.

 

როგორ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ ტრაგედიის ერთერთი მთავარი დამნაშავე, ჟიული შარტავას შეგნებულად გამყიდველი და მტრის ხელში ჩამგდები (ჟიული მისი ხრიკების მოწმე იყო!) ედუარდ შევარდნაძე, არა თუ არ გასამართლებულა, დიდი პატივითაც დაკრძალეს. სწორედ მან შეუსრულა რუსებს სურვილი აფხაზსა და ქართველებს შორის ომი დაწყებულიყო. ამით იმედი ჰქონდა, რომ ისევ დაუბრუნდებოდა კრემლის პალატებს, როგორც ქვეყნის პირველი თუ არა, მეორე პირი მაინც.

უფრო მეტიც, ნუ დავივიწყებთ, რომ მისი არაერთი თანაგუნდელი დღეს ან მთავრობის წევრია, ან ამ მთავრობის დახმარებით გამდიდრებულ-გაზულუქებული ისევ ძარცვავს და ხრავს საქართველოს.

ნუ დავივიწყებთ ყველაფერს ამას, მეგობრებო! მაგრამ მაინც, ყველა დარდის და ჭირის მიუხედავად, ვისურვოთ, რომ აღსრულდეს სიტყვები – „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია.“

 

დოდონა კიზიარია სპეციალურად “თაიმერისთვის”

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელიამ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს რთველში უმასპინძლა
შემდეგი სტატიახიდაშელი ღარიბაშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს