დავით უსუფაშვილი – ქართულ ენას განსაკუთრებული სახელმწიფო მზრუნველობა სჭირდება

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, “ქართული ენის მოვლა-პატრონობა უმთავრესი სახელმწიფოებრივი საკითხია”. უსუფაშვილის შეფასებით, ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენციაზე – “ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები” გააკეთა, რომელსაც პარლამენტი მასპინძლობს. კონფერენცია ენის ტექნოლოგიების შექმნის და განვითარების საკითხებს ეძღვნება და მასში ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერები იღებენ მონაწილეობას. ღონისძიებაში მონაწილეობს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე.
“ვისაუბროთ ქართული ენის, თუ ზოგადად ენის მნიშვნელობაზე, ცოტა უხერხულიც კი არის ამ აუდიტორიის წინაშე, მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ენის ერთ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტზე – ენა გარდა კომუნიკაციის საშუალებისა, გარდა უმთავრესი ეროვნული, კულტურული ფასეულობისა და ღირებულებისა, არის კიდევ სახელმწიფო ენა, საქართველოს კონსტიტუციით გამოცხადებული სტატუსი. ეს ორ რამეს ნიშნავს: პირველ რიგში იმას, რომ მას სჭირდება განსაკუთრებული სახელმწიფო მზრუნველობა და მეორე ის, რომ მას აქვს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი დატვირთვა. სახელმწიფო ეს არის გარკვეულ ტერიტორიაზე დასახლებული მოქალაქეების ერთობა, რომელებსაც ერთმანეთის ესმით, რომლებიც ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან და სწორედ სახელმწიფო ენა არის ამის უმთავრესი საშუალება. დღევანდელი ქართული სახელმწიფო ამ პარამეტრების თვალსაზრისით სერიოზულად ნაკლული სახელმწიფოა ჯერ კიდევ, ვინაიდან ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გვაქვს გადასაწყვეტი, ანუ სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი და სერიოზული თემა. ჩვენი სახელმწიფო ნაკლულია იმითაც, რომ ჩვენი მოქალაქეების პრობლემებიც გვაქვს გადასაწყვეტი. სულ მოკლე ხანში ამ შენობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართება – ეს ეხება მიგრაციულ პროცესებს საქართველოში, მის გამოწვევებს, საკითხებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენ ჩვენი მოქალაქეები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც, როგორც უნდა გვქონდეს მათთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობა და ასე შემდეგ. ცხადია ქართული ენა და ქართული ენის მოვლა-პატრონობა ამ რიგში განსახილველი უმთავრესი სახელმწიფოებრივი საკითხია. ამიტომ გავკადნიერდით და პატივცემულ მეცნიერებს შევთავაზეთ არა მხოლოდ პარლამენტის შენობა და დარბაზი, არამედ ის სტატუსი და შესაძლებლობები რაც პარლამენტს გააჩნია – როგორც საკანონმდებლო თვალსაზრისით, ისე სხვა რესურსების თვალსაზრისით”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის და გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება.

banner
წინა სტატიაშითურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთვის დახმარების თხოვნით არ მოუმართავთ
შემდეგი სტატიააფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სამეგრელოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ