აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სამეგრელოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. როგორც “თაიმერს” აფხაზეთი ა/რ მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ორი დღის განმავლობაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ჩხოროწყუსა და მარტვილის რაიონებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მათი პრობლემები მოისმინეს.
აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დევნილ მოსახლეობას ის მიმდინარე პროექტები გააცნეს, რომლებსაც აფხაზეთის მთავრობა საქართველოს ცენტრალური მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით ახორციელებს. დევნილთა ძირითადი მოთხოვნები სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხს და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს შეეხებოდა.
აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობა დევნილებს მის ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, პრობლემების მოგვარებას, გარკვეულ საკითხებში კი საქართველოს ცენტრალური მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობას დაჰპირდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩხოროწყუს რაიონში მდებარე მემორიალთანაც იმყოფებოდნენ და აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.
მარტვილში შეხვედრის დროს კი გადაწყდა, რომ რაიონში მცხოვრები დევნილებისთვის აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს და საჭირო მედიკამენტებს გადასცემს. სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბრნატორის ლევან შონიას განცხადებით, მარტვილში მცხოვრები იძულებით გადადგილებული პირები აპლიკაციას ადგილზე შეავსებენ და მათ ზუგდიდში ჩასვლა აღარ მოუწევთ.
გარდა ამისა, ვახტან ყოლბაიამ ასოციაცია ,,იმედი-დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის” მიწვევით ქობულეთში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. დევნილთა პრობლემების უშუალოდ ადგილზე გაცნობა და გასვლითი, სამუშაო შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი – ქართულ ენას განსაკუთრებული სახელმწიფო მზრუნველობა სჭირდება
შემდეგი სტატია“ნარმანია თბილისელებს ძალიან მძიმე ზამთარს უმზადებს“, – თამაზ შოშიაშვილი