დავით უსუფაშვილი: გვაქვს დროსთან, ეპოქასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა

ჩვენ გვაქვს დროსთან, ეპოქასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა სასტუმრო “რედისონში” განაცხადა, სადაც პროკურატურისა და შს სამინისტროს რეფორმის საკითხზე მე-11 საზოგადოებრივი ფორუმი მიმდინარეობს.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების, ან კონკრეტული ხელმძღვანელი მუშაკის ბრალი, არამედ ეს განპირობებულია საზოგადოების განვითარების იმ ლოგიკით, რომელშიც აღმოვჩნდით.
“მოდით, ყველა ერთად დავფიქრდეთ სად ვართ – 2015 წლის 9 თებერვალია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გასააზრდებლად, როდესაც ვსაუბრობთ რეფორმების პერსპექტივაზე, მათ დღევანდელ მდგომარეობაზე და მომავალზე. უნდა ვსაუბრობდეთ თუ არა ისევ ამაზე 2015 წლის 9 თებერვალს, მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი საკითხი ამ მიმართულებით გასაკეთებელი იყო 1 წლის წინ, 2 წლის წინ, 3 წლის წინ, 5 წლის წინ და თუნდაც 15 წლის წინაც, რადგან ძალიან ბევრი თემა და საკითხი იყო ცხადზე უცხადესი, თუმცა ჩვენ სხვადასხვა გარემოების გამო, 2015 წლის 9 თებერვალს კიდევ გვიწევს საუბარი გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების მიმართულებით. ხაზს ვუსვამ – ფუნდამენტურ საკითხებზე. ჩვენ რომ ვსაუბრობდეთ გარკვეული საკითხების გაუმჯობესებაზე, აქ გასაკვირი არაფერი იქნებოდა, ვინაიდან ყველა სახელმწიფოში ასე ხდება ტექნოლოგიებიდან, ახალი გამოცდილებიდან გამომდინარე და ა.შ. მაგრამ პირველი, რაც ჩვენ ამ კონფერენციაზე უნდა გავიაროთ, არის ის, რომ გვაქვს დროსთან, ეპოქასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა. ეს არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების ბრალი. ეს არ არის ერთი რომელიმე ხელმძღვანელი მუშაკის, მინისტრის თუ პროკურორის ბრალი, ეს არის ჩვენი, საზოგადოების განვითარების, იმ ლოგიკის ბრალი, რომელშიც აღმოვჩნდით – შესაძლოა 20 წლის წინ აღმოვჩნდით განვითარების იმ ლოგიკაში, რომელმაც დღემდე ამ ფუნდამენტური საკითხების მოგვარება ვერ შეგვაძლებინა”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა ადრე, თუმცა “ქართულ ოცნებას” ვადის ამოწურვამდე დარჩენილი აქვს ზუსტად იმდენი დრო, რამდენიც ყველა პრობლემის გადაწყვეტისთვის საჭიროა.
“მე, როგორც 2012 წლის ოქტომბრიდან ხელისუფლებაში მყოფი ძალის წარმომადგენელმა უნდა სრულიად ღიად და პირდაპირ განვაცხადო – ერთი მხრივ, ბევრი რამ შეიძლებოდა გაკეთებულიყო ადრე, მაგრამ მგონია, რომ სწორედ 2015 წლის 9 თებერვლიდან ჩვენი პოლიტიკური ძალის დარჩენილი ვადის ამოწურვამდე ზუსტად იმდენი დროა დარჩენილი, რაც საჭიროა ყველა ამ საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადასაწყვეტად. უბრალოდ, არც ერთი წამი აღარ უნდა დავკარგოთ და ვიმუშავოთ მართლა, მონდომებით და არანაირი მიზეზით და საბაბით არ უნდა გადავდოთ იმის გაკეთება, რაც გასაკეთებელია. ეს არ ნიშნავს, რომ რამე არ გაკეთებულა. პროგრესი აშკარად სახეზეა. სერიოზული ცვლილებები მოხდა, მაგრამ პარლამენტმა, მთავრობამ, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა უკვე წარმოვაჩინეთ ის პრიორიტეტები, რაც უნდა გაკეთდეს”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა მალე ვაკანტური გახდება- ვინ არიან კანდიდატები?
შემდეგი სტატიაუკრაინის პატრიარქმა ქართველი სამხედროები დააჯილდოვა (ფოტოები)