დავით ბაქრაძე: იმდენად დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომ ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს დასახმარებელი

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, იმდენად დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომ ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს დასახმარებელი, არამედ საზოგადოების თითოეულმა წევრმა თავისი მცირე წვლილი უნდა შეიტანოს თბილისისა და თბილისელების დახმარებაში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გმირთა მოედანზე განუცხადა, სადაც მოხალისეებთან ერთად იმყოფება.
“სწორედ ამიტომ ვდგავართ ჩვენ დღეს აქ. მიმაჩნია, რომ ეს არ არის პოლიტიკის და პოლიტიკური დაპირისპირების ადგილი. დღეს ყველა უნდა ვეცადოთ დავეხმაროთ ხალხს, ჩვენს ქალაქს. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით სპეციალური 400 კაციანი შემადგენლობის მოხალისეთა რაზმი, რომელიც მზად არის მერიასთან და სამაშველო სამსახურთან შეთანხმებით ქალაქის ნებისმიერ წერტილში დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას”, – განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, მათ ასევე შექმნეს შტაბი, სადაც ხდება ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება, რომელთაც ასევე მერიასთან და გამგეობებთან კოორდინირებით გადაუნაწილებენ დაზარალებულ მოსახლეობას. “ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ყველამ მივცეთ მაგალითი იმის, რომ მიუხედავად ყველა დაპირისპირებისა, ტრაგედიისა და კრიტიკული ვითარების დროს ქართველებს შეგვიძლია გავერთიანდეთ და ერთად დავუდგეთ გვერდით ჩვენი საზოგადოების დაზარალებულ წევრებს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიდოიჩე ველე: თბილისში მსხვერპლის რაოდენობა 12-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატია“თავისუფალი დამოკრატები” სარეაბილიტაციო სამუშაოებში ერთვებიან