გრიგორი კარასინმა ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებს უმასპინძლა

გრიგორი კარასინმა ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებს უმასპინძლაპრაღაში გამგზავრებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
გრიგორი კარასინი სამოქალაქო დიალოგის ფორმატის მონაწილეებს თავისი და აბაშიძის შეხვედრების კონსტრუქციულ დეტალებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული მიმართულების საკითხების გადაჭრისას გარკვეული წინსვლა არსებობს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხდება სავაჭრო, სატრანსპორტო, კულტურულ-სპორტული კავშირების აღდგენა. მისი აზრით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დიალოგისთვის მზადაა და დიპლომატიურ ურთიერთობათა არარსებობის პირობებში აბაშიძე-კარასინის ფორმატი რჩება იმ არხად, სადაც რუსეთის ფედერაციისა და საქარველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მრავალ საკითხში განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, სასაუბრო თემებს ნახულობენ.

როგორც კარასინმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, საუბარი შვეიცარიული ფირმის (SGS) მიერ საბაჟო ადმინისტრირების საკითხებს შეეხება. ამ კომპანიამ შესაძლოა, რამდენიმე თვეში დაიწყოს საქმიანობა, დეტალებს კი შეხვედრაზე განიხილავენ. გარდა ამისა, გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ აბაშიძესთან რუსეთ-საქართველოს რკინიგზის ამოქმედების საკითხს პოლიტიკური დელიკატურობით განიხილავს.
ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დე-ფაქტო აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს მათ ანექსიას და ეს ცხინვალთან გაფორმებული საზღვრის შესახებ ხელშეკრულებითაც დაადასტურა.

კარასინმა გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რატომ ატყდა ხმაური თბილისში ახლა, როცა სხვადასხვა მიმართულებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან უკვე 80-მდე შეთანხმებაა გაფორმებული.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სვლას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, დასავლეთის ექსპანსიამ წითელი ხაზები უკვე გადაკვეთა, რასაც რუსეთი ვერ შეეგუება. დიდი დრო დაეთმო უკრაინის კრიზისზე საუბარს.

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება მთელ პასუხისმგებლობას უკრაინის ხელისუფლებას აკისრებს და საკუთარ როლს ამ კონფლიქტის გაჩაღებაში გამორიცხავს. რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან რუსეთის მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების მონტაჟის საკითხს, კარასინმა აღნიშნა, რომ “საზღვრების დემარკაციის საკითხის განხილვა ოსურმა მხარემ საქართველოს არაერთხელ შესთავაზა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამ თემას არ განიხილავს”.
როგორც “რადიო თავისუფლება” წერს, კავკასიური სახლის აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კანაშვილს გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ მოლაპარაკებების პროცესში ახლო მომავალში სერიოზულ წინსვლას არ უნდა ველოდეთ.

გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებისა და საექსპერტო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის გამონათქვამები მისთვის ცხადყოფს, რომ უკრაინაში შეიარაღებული დაპირისპირება ისევ გაგრძელდება.
ქართულ-რუსული დიალოგი “კავკასიური სახლისა” და გორჩაკოვის სახელობის ფონდის ორგანიზებით იმართება. დიალოგის ფორმატში იმართება შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ქართველი და რუსი პოლიტოლოგები ერთმანეთს საქართველოსა და რუსეთში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებას აცნობენ და ამ საკითხებზე დისკუსიებს მართავენ.
ქართულ-რუსული დიალოგი მოსკოვში 28 თებერვალს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიპეტრო პოროშენკო კონფლიქტის ზონიდან სამთავრობო ჯარების გაყვანის ბრძანებას მალე გასცემს
შემდეგი სტატიათბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში მენაშენეებისაგან შესყიდული ბინები დევნილებს გადაეცემათ