თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში მენაშენეებისაგან შესყიდული ბინები დევნილებს გადაეცემათ

თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში მენაშენეებისაგან შესყიდული ბინები დევნილებს გადაეცემათ. როგორც “თაიმერს” დევნილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, მენაშენეების კონკურსი უკვე დასრულდა და სამინისტრო გამარჯვებული კომპანიებისგან დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში ბინებს შეისყიდის.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და გუბერნატორის მოადგილემ კოტე ლომიძემ ქუთაისში მენაშენეებისაგან შესყიდული ობიექტები მოინახულეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამარჯვებული მენაშენეებისაგან თბილისში შესყიდული იქნება 210-მდე ბინა, ქუთაისში – 53 ბინა და ბორჯომში – 33-მდე ბინა. კონკურსში გამარჯვებულ 4 მენაშენესთან 5 ობიექტის შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, ხოლო 2 მენაშენეს მიეცა ვადა, გარკვეული დაზუსტებების წარმოსადგენად, როგორიცაა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ობიექტის მდგრადობის შესახებ.

სამინისტრომ კონკურსში გამარჯვებული კომპანია შპს ,,აღმაშენებელი ქუთაისისგან” ქუთაისში, ერისთავის ქ. N7-ში, შმიდტის I შესახვევსა და დ.აღმაშენებელის N81-ში მდებარე ობიექტებში ჯამში 53 ბინა შეისყიდა.
დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, მენაშენეებისაგან ბინების შესყიდვა არ არის ერთჯერადი და ეს პროცესი გრძელდება. ამასთან სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო შეისყიდის არა მთლიანად კორპუსს, არამედ ბინების გარკვეულ რაოდენობას, რაც ხელს უწყობს დევნილთა ინტეგრაციის პროცესს. შესყიდული საცხოვრებელი ფართების განაწილება, დევნილთა გრძელვადიანი კრიტერიუმების შესაბამისად მოხდება.

მენაშენეებისაგან ბინების გამოსყიდვის პარალელურად, ქუთაისში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, 35 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა იწყება, სადაც საცხოვრებელ ფართს 2000-მდე ოჯახი მიიღებს. პირველ ეტაპზე, შერვაშიძის ქ. N53-ში, 2 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ჯამში 160 ბინა იქნება.
დევნილთა სამინისტროს ცნობით, ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ანკომისა და მუხნარის ჩასახლებაში ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ ოჯახებს მარტის დასაწყისში ქუთაისში ოცხელის ქუჩა N2-ში მდებარე შენობაში ბინები გადაეცემათ. ოცხელის ქუჩაზე, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში ბინას 109 დევნილი ოჯახი მიიღებს, ობიექტის რეაბილიტაცია USAID-ის დაფინანსებით განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიგრიგორი კარასინმა ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებს უმასპინძლა
შემდეგი სტატიაკარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე აფხაზეთის რკინიგზის საკითხზეც ისაუბრებენ