გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ ეკა გიგაურის სარჩელის განხილვა უახლოეს 10 დღეში ჩაინიშნება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას, თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა. როგორც გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასამართლო პროცესი უახლოეს 10 დღეში დაინიშნება.
“გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოდან მივიღე გზავნილი, გავეცანი მის შინაარსს და ცხონებული ნიკუშა გომელაურის ლექსი გამახსენდა, რომელიც ამბობს, რომ ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა, ბონდომ ჯონდო დააორსულაო. ძალიან უხდება დღევანდელ ყოფას და ვითარებას ნიკუშას ეს ლექსი. კაპიტანმა გიგაურმა სასამართლოში მიჩივლა და მომივიდა გზავნილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ პატივს და ღირსების შელახვისთვის ითხოვს 30 თეთრს, ანუ 30 ვერცხლს და ბოდიშის მოხდას. რაც შეეხება 30 ვერცხლს, მისამართი შეეშალა, მე ნამდვილად არ ვაპირებ და მას უკვე მიღებული აქვს ბევრი ასეთი 30 ვერცხლი იმ ადამიანებისგან, ვინც ვერცხლებს არიგებენ. რაც შეეხება ბოდიშის მოხდას, ბოდიშის მოხდას მთხოვს ის ადამიანი, რომელიც ადამიანის უფლებებზე მუშაობს”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისი თქმით, დოკუმენტში, რომელიც საქმეს აქვს დართული, წერია, რომ 2007 წლის 13 ნოემბერის წერილის საფუძველზე, ვანო მერაბიშვილი სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეს, უფროს ლეიტენანტ ეკა სიმონის ძე გიგაურს ვადაზე ადრე ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის კაპიტნის წოდებას.
“ღირსების შელახვა არის იქ შესაძლებელი, სადაც ღირსება არსებობს, სადაც ვანო მერაბიშვილი ბრძანებებს გასცემდა, ღირსება არ არსებობდა. 14 ნოემბერს სულ რომ მამა აბრამის ბატკანი ყოფილიყავი ადამიანი, ვანო მერაბიშვილის წახალისების მიღება და მითუმეტეს შერგება, როგორც კაპიტანმა გიგაურმა შეირგო, არის ჩემი რწმენით აბსოლუტური უთავმოყვარეობა. ეს არის ის დღეები, როდესაც მთელი მსოფლიო შფოთავს იმაზე, რაც მოხდა თბილისში. საქართველო და დედაქალაქი იშუშებს იმ მრავალრიცხოვან დაზიანებებს, რომელიც ამ მხეცებმა მიაყენეს ქართულ საზოგადოებას, როგორც ფიზიკური, ასევე მორალური და ამის ჩამდენი და მიმღები ადამიანი, მე მელაპარაკება ღირსებაზე”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, სარჩელში საქმე გაერთიანებული ვინმე გურამ ადამაშვილთან ერთად.
“ამ სარჩელში გაერთიანებული ვართ მე და ვინმე გურამ ადამაშვილი, რომელიც აზრზე არ ვარ, ვინ არის, თვალით არ მინახია”, – აცხადებს ხაინდრავა.
მისი თქმით, იგი აუცილებლად დაესწრება სასამართლო პროცესს და თავის პოზიციას დააფიქსირებს.

banner
წინა სტატიაში„ეროვნული ბანკის გახლეჩვის მცდელობა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ისედაც კრიზისში მყოფ ეკონომიკას,“ – სერგო რატიანი
შემდეგი სტატიაპუტინის შტაბის ხელმძღვანელი რუსეთის უმდიდრესი რექტორი გახდა