გიორგი ქადაგიძეზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ

giorgi qadagidze

ყოფილი “სახალხო ბანკის” ადვოკატი დავით ერისთავი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს.
როგორც ერისთავმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სწორედ გიორგი ქადაგიძის ზეწოლის შედეგად მოხდა აქციონერებისთვის 2008 წელს წილის წართმევა.
“2008 წელს, როდესაც საქართველოს ფინანსური მონიტორინგისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა გიორგი ქადაგიძე, სწორედ მისი უშუალო ზეწოლით მოხდა აქციონერებისთვის წილის წართმევა და შპს “ევრო ოილისთვის” მიყიდვა. ქადაგიძემ დაიბარა აქციონერები და მათგან მოითხოვა, რომ წილი დაეთმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად დაათმობინებდა. ამის შემდეგ, აქციონერები იძულებულები გახდნენ ეს წილი დაეთმოთ და გადაეფორმებინათ შპს “ევრო ოილისთვის”. ამ ყველაფერს ადასტურებს ბევრი მტკიცებულება”, – განაცხადა ერისთავმა.
მისივე თქმით, ქადაგიძეს და მის სამსახურს უშუალოდ ევალებოდა დაინტერესებულიყო “ევრო ოილის” თანხებით, რადგან კომპანია ბანკს ყიდულობდა, თუმცა ასე არ მომხდარა.
“ეს ლოგიკურიცაა, რადგან ეს კომპანია იყო ვანო მერაბიშვილთან დაახლოებული კომპანიების, მათ შორის “ნიუ ენერჯი”. ამ კომპანიიდანაც ირიცხებოდა “ევრო ოილ”-ში შავი ფული. ასევე კორუფციული გზით ირიცხებოდა ამ კომპანიაში თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მათ შორის დევნილებისთვის თუ სხვა სოციალური მნიშვნელობის თანხები. სწორედ დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის განსაზღვრული თანხებით მოხდა ბანკის შეძენა. ქადაგიძეს უშუალოდ ევალებოდა დაინტერესებულიყო, მიმართული იყო თუ არა ამ კომპანიაში შავი ფული, თუმცა ეს არ გააკეთა, რადგან ქადაგიძე და მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთობლივად მოქმედებდნენ. ფიქტიურად ჰქონდათ შექმნილი ეს კომპანია”, – განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, “სახალხო ბანკი” უნდა ეყიდა ბრიტანეთში ერთ-ერთ კომპანიას, თუმცა ეს ისევ ქადაგიძის ჩარევის შედეგად ვერ მოხდა.
როგორც ერისთავი აცხადებს, პროკურატურაში საქმის ძიება მიმდინარეობს. ადვოკატიის ინფორმაციით, აქციონერები პროკურატურამ ამ საქმეში დაზარალებულად ცნო.
“ყველა სამართლებრივი მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული და ამ საქმეში მონაწილე დამნაშავეები დაისაჯნონ. თუ სამართლებრივ პროცესს არ დაიწყებს პროკურატურა, ყველა მოქალაქეს გაუჩნდება აზრი, რომ დანაშაულის ჩადენა ვიღაცას შეუძლია, ვიღაცას კი არა”, – აღნიშნა ერისთავმა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: დედაქალაქის მთავრობის შეურაცხმყოფელი და უუნარო შემადგენლობა უნდა გადადგეს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: შრომის ინსპექცია ბიზნესს ხელს არ შეუშლის