გიორგი აბაშიშვილი – ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის კანონპროექტი პროფესიულად ცუდად მომზადებული ინიციატივაა

საქართველოს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტი პროფესიული კუთხით შეუძლებელია შეფასდეს, როგორც თუნდაც დამაკმაყოფილებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა დარგის სპეციალისტებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
როგორც აბაშიშვილმა განმარტა, პროფესიულად ეს არის ცუდად მომზადებული ინიციატივა.
“პრაქტიკულად არსებობს სრული კონსესნუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკა უნდა იყოს პოლიტიკისგან თავისუფალი. ვთანხმდებით, რომ აღნიშნული ინიციატივა არის ნაჩქარევად მომზადებული და ბევრ შეცდომას შეიცავს, თუნდაც მისი განმარტებითი ბარათი – მასში აბსოლუტურად ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებია დაფიქსირებული და პრაქტიკულად შეუძლებელია პროფესიული კუთხით შეფასდეს, როგორც თუნდაც დამაკმაყოფილებელი, ანუ ეს არის ცუდად მომზადებული ინიციატივა”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის მრჩევლის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არა მხოლოდ საბანკო სექტორს დააზიანებს, თითოელ მოქალაქესაც შეეხება.
“მეორე სერიოზული საკითხია ის, რომ კანონპროექტის მომზადებაში არ იყვნენ ჩართული არც ექსპერტები, არც ბიზნესის და არც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავისთავად ცხადია, უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომ ბიზნესთან კომუნიკაცია იყოს საფუძველშივე, იმ კანონპროექტის მომზადების პროცესში, რომელიც მათ ეხებათ.
ასევე, შეცდომაა საუბარი იმაზე, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მხოლოდ საბანკო სექტორს დააზიანებს. ეს დააზიანებს საბანკო სექტორს, მაგრამ ამავდროულად შეეხება თითოეულ მოქალაქეს. გარდა ამისა, მას ექნება ძალიან მკვეთრი პარალელური ეფექტები ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესიმიჯზე. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების ამ ფორმით მიღება პირდაპირ აზიანებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას”, – განმარტა გიორგი აბაშიშვილმა ეკონომიკურ ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრაზე პრეზიდენტის მრჩეველმა დარგის სპეციალისტებს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია გააცნო, რის შემდეგაც მათი მოსაზრებები მოისმინა.

banner
წინა სტატიაშიირმა ქავთარაძე უმუშევართა რაოდენობის შემცირებას ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორში გატარებულ პოლიტიკას უკავშირებს
შემდეგი სტატია,,გემს მიხედეთ, ქოცებო, გემს! თქვენ რო კაპიტანი გგონიათ, ის თქვენი გემის არ არის,,