“გვამებს არანაირი გარეგანი დაზიანებები არ ჰქონდა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ,” – ლევან ჩაჩუა ჟვანიას საქმეზე

ჟვანია უსუპოვი

ექსპერტი ლევან ჩაჩუა ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ჩვენებას იძლევა და დეტალურად ყვება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეს განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ჩაჩუა განმარტავს, ის ლევან სამხარაულის ზარმა გააღვიძა. მან შეატყობინა, რომ ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა და რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაში მისვლა სთხოვა.

მისი თქმით, ადგილზე ჯერ ჟვანიას, შემდეგ კი იუსუპოვის გვამი მიასვენეს.

„დაახლოებით 30 კაცი იყო პროზექტურაში, პრემიერ-მინისტრის კოლეგები და ახლობლები. იქ მოვიდა ნინო ქადაგიძე, გვამს ვერ ვაშორებდით, ეფერებოდა მას და ტიროდა. როდესაც გავიყვანეთ ხალხი, შემდეგ დავიწყეთ დათვალიერება,” – განაცხადა ლევან ჩაჩუამ სასამართლო პროცესზე.

ექსპერტი ყვება, რომ მან დაიწყო გვამების დათვალიერება. როგორც ჩაჩუა აცხადებს, ყოფილ პრემიერს პერანგი შეუხსნა, რომელიც 3 ღილზე ჰქონდა შეკრული და მისი გვამის დათვალიერება 4 საათს გაგრძელდა.

ჩაჩუას თქმით, როგორც ჟვანიას, ისე იუსუპოვს კანზე გვამური ლაქები აღენიშნებოდათ.

ჩაჩუამ განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარებამდე აუცილებელი იყო გვამების ზედაპირული დათვალიერება.

რაც შეეხება ჟვანიას ტუჩთან ნაჩხვლეტს, როგორც მან აღნიშნა, ეს უკანასკნელი მიიღება ბალზამირების შედეგად. (შეგახსენებთ, რომ ბალზამირება ექსპერტიზის დასრულებამდე აკრძალულია).

ჩაჩუას თქმით, ის იუსუპოვის ექსპერტიზაზე მარტო იყო, რადგან ჟვანიას გვამის დათვალიერების შემდეგ პროზექტურა ყველამ დატოვა.

ჩაჩუამ ასევე განმარტა, რომ იუსუპოვის სხეულში ე.წ. CO 76%-ს შეადგენდა.

„პასუხისმგებელი ვარ ბოლომდე ჩემს სიმართლეში, გამოძიებამ მომცა დავალება და მე ეს პირნათლად, პროფესიონალურად შევასრულე. მათ გვამებს არანაირი გარეგანი დაზიანებები არ ჰქონდა, მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ,” – განაცხადა ჩაჩუამ და აქვე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ გვამებს დაზიანება არ აღენიშნებოდა და მათი დათვალიერება დაასრულა, ლაბორატორიული სინჯების აღება გადაწყვიტა.

banner
წინა სტატიაში“ბერუაშვილი პირნათლად ემსახურებოდა თავის საქმეს” – ირაკლი ღარიბაშვილი გარდაცვლილ პოლიციელზე
შემდეგი სტატიამთავარმა პროკურატურამ იძულებით დათმობილ ქონებასთან დაკავშირებით საჩივრების შესწავლა დაასრულა