გაბრიელ შულცი: მედია, საქართველოში უფრო მეტი ინვესტორი შემოვა და აღმოაჩენს, თუ რამდენად საინტერესო ქვეყანაა

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში დღეს პანელი თემაზე – „საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები“ გაიმართა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, პანელში მონაწილეობა უცხოელმა ბიზნესმენებმა და ინვესტორებმა მიიღეს. პანელის ერთ-ერთი სპიკერი კომპანია „შულც გლობალ ინვესტმენტის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გაბრიელ შულცი იყო. გაბრიელ შულცმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საინტერესო ბაზარია ინვესტორებისთვის და ძალიან კარგი პოტენციალი აქვს ბიზნესის არაერთი მიმართულებით.

„ჩემი აზრით, საქართველო ძალიან საინტერესო ბაზარია ინვესტორებისთვის, ჩვენ ყველანი აქ იმიტომ ვიმყოფებით, რომ ვიცით, საქართველოს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. ესაა ქვეყანა, რომელიც ცდილობს, რომ შექმნას რაც შეიძლება საუკეთესო გარემო ინვესტორებისთვის. არამარტო ამ რეგიონში, არამედ ზოგადად მსოფლიოში საქართველო განვითარებად ქვეყნებს შორის არის ყველაზე სწრაფად მზარდი და ინვესტიციებზე, ასევე კლიმატის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული. ამ მხრივ მას ნამდვილად მოწინავე პოზიცია უკავია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს საკმაოდ დიდი ჰიდროპოტენციალი აქვს – ჩვენ 100 მილიონი დოლარი გამოვყავით მცირე ჰიდროელექტროსადგურებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალი და შესაძლებლობაა. მაგალითად, თუ ევროპაზე გასვლა გინდათ, შესაძლოა, საქართველოში ძალიან კარგად დაიწყოთ ეს საქმიანობა და შემდეგ საქართველოს გავლით გახვიდეთ ევროპაზე, რადგან ნამდვილად ძალიან ხელმისაწვდომია ბევრი პროცედურა, კარგი საგადასახადო რეჟიმები და სისტემაა, შრომითი ხელის ღირებულებაც მისაღებია. ამდენად, ვფიქრობ, ძალიან ბევრი პლიუსია, რომელიც შესაძლოა, სხვა ქვეყნებში არ არსებობდეს. თან საქართველო მუდმივად მუშაობს უკვე არსებული პროცედურების და სისტემების დახვეწაზე“, – განაცხადა გაბრიელ შულცმა.

მისი განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც შერწყმულია დასავლეთის და აღმოსავლეთის საუკეთესო თვისებები.

„საქართველო მისი იდენტურობით ევროპული, დასავლური ქვეყანაა და ამავე დროს ძალიან კარგად ესმის აღმოსავლური აზროვნება. ამ ყველაფერს „აბრეშუმი გზის ფორუმზე“ კარგად ვხედავთ – მე ვარ ამერიკელი, დასავლეთის ქვეყნიდან ჩამოსული და აქვე აღმოსავლეთის ქვეყნების ძალიან ბევრი წარმომადგენელია. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ საქართველოში ჩვენი გამოცდილებით, ის ნამდვილად დადებითია. იმედია, რომ საქართველოში უფრო მეტი ინვესტორი შემოვა და აღმოაჩენს, თუ რამდენად საინტერესო ქვეყანაა. ჰიდროენერგორესურსების გარდა საქართველოს ასევე ძალიან კარგი პოტენციალი აქვს სასტუმროების და ტურიზმის ბიზნესის თვალსაზრისით. კიდევ ერთი საინტერესო მიმართულება სოფლის მეურნეობის სექტორია, ეს არ გულისხმობს მხოლოდ ღვინოს. მოცემულ სექტორში ძალიან ბევრი კარგი შესაძლებლობები არსებობს“, – აღნიშნა შულცმა.ი

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: სრული კატეგორიულობით ვაცხადებ, რომ არავითარი სამხედრო დანაშაული ქართულ სახელმწიფოს არ ჩაუდენია