ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების ადვოკატი ბექა ბასილაია ჟვანიას გარდაცვალებას “უბედურ შემთხვევას” უწოდებს და ამბობს, რომ „ზურაბ ჟვანია პირველ რიგში იყო ადამიანი და კობა ხარშილაძის მეგობარი.“
ამის შესახებ ბასილაიამ ნაფიცი მსაჯულების წინაშე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ბექა ბასილაია ამბობს, რომ დაცვის წერები ზურაბ ჟვანიას ბრძანების გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ.
„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჟვანიას ბრძანების და მითითების გარეშე ხარშილაძე და ძაძამია მის გადაადგილებას შეძლებდნენ. ძაძამიამ და ხარშილაძემ ჟვანიას მითითება შეასრულეს და ეს როგორ შეიძლება ჩავთვალოთ სამსახურებრივ გულგრილობად. ეს იყო მათი მხრიდან ადამიანური საქციელი და არა გულგრილობა. ჟვანია დასაცავი ობიექტი კი არა, პირველ რიგში იყო ადამიანი და ხარშილაძის მეგობარი. სასამართლოში დაიკითხებიან დაცვის სხვა წევრები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ზურაბ ჟვანიას ასეთ გასვლებს პერმანენტული ხასიათი ჰქონდა და მხოლოდ ხარშილაძესა და ძაძამიას ენდობოდა ასეთ ვითარებაში“ – განაცხადა ბასილაიამ და დეტალურად აღწერა მომხდარი.
ბრალდებულების ადვოკატი იმედოვნებს, რომ ნაფიც მსაჯულებს ეყოფათ გამბედაობა და მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას.